კოხრეიძის დუბლი - იბერიამ ბათუმის დინამო დამაჯერებლად დაამარცხა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში „იბერია 1999’’-მა მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო’’ „პეტრიაშვილზე’’ 3:0 გაანადგურა.
პირველ ტაიმში გიორგი კოხრეიძემ დუბლი შეასრულა, ცოტნე კაპანაძისა და საბა მამაცაშვილის საგოლე პასები გამოიყენა. ამ სეზონში კოხრეიძე ექვსივე მატჩი სასტარტოდან დაიწყო, მის ანგარიშზე 4 გოლია (2 დუბლი), დუბლი ჯერ „ტორპედოს’’ შეუსრულა, დღეს კი „იბერია 1999’’-ს.
72-ე წუთზე გაბონელი ფლორის ჯავის საგოლე პასით საბა მამაცაშვილმა შეაგდო. ამპლუით მარცხენა მცველმა ამ სეზონში 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა, გორის „დილასთანაც’’ გოლით დაეხმარა გუნდს.
მე-9 დამატებულ წუთზე ბათუმის „დინამოს'' მარჯვენა მცველმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა, ბურთი კარის ძელს გაარტყა.
ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ ბათუმის „დინამო’’ პირველად დამარცხდა, 15 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციას „იბერია 1999'' 13 ქულით იკავებს. თუ მესამეადგილოსანი გორის „დილა'' ხვალ სტუმრად თბილისის „დინამოს'' დაამარცხებს, ლიდერ ბათუმის „დინამოს'' გაუთანაბრდება, თბილისის „დინამო'' - „დილას'' მატჩი 3 აპრილს, „დინამო არენაზე'', 21:00 საათზე დაიწყება.