FourFourTwo: საქართველო ევრო 2024-ზე სტატისტის როლში არ იქნება
ავტორიტეტული სპორტული გამოცემა FourFourTwo საქართველოს ნაკრების შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე სტატისტის როლში არ იქნება.
„საქართველოს ნაკრების ვარსკვლავები ახლა ყალიბდებიან და კავკასიელი ერი პირველი დიდი ტურნირისთვის ემზადება.
საქართველოსთვის ასეთ დიდ ტურნირზე მოხვედრა ცოტა ხნის წინ მიუღწევლად ჩანდა, მაგრამ ეს რეალობად მაშინ იქცა, როცა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ევრო 2024-ზე გასვლა საბერძნეთის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.
სანიოლის გუნდს ევრო 2020-ზე თამაშის შანსიც ჰქონდა, თუმცა ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა. ახლა მათ ნახევარფინალში ლუქსემბურგს, ხოლო ფინალში პენალტების სერიაში საბერძნეთს მოუგეს და გერმანიაში თამაშის უფლება მოიპოვეს. შემდეგ ყველამ იხილა ის საოცარი კადრები, როდესაც სასტვენის შემდეგ, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გულშემატკივრები გამარჯვებას ერთად ზეიმობდნენ.
საქართველო, რომელსაც საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ვილი სანიოლი ხელმძღვანელობს, ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად იქნება. წინასწარი ვარაუდით, ქართველები უბრალო სტატისტის როლში არ იქნებიან.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლია, რომელსაც საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 56 მატჩი აქვს ჩატარებული. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა. ის საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა, ასევე ბორდოს და მიუნხენის ბაიერნში ანჩელოტის თანაშემწეც იყო.
ქართველთა გუნდის მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც 16 წლის ასაკში კონტრაქტი თბილისის დინამოსთან გააფორმა, თუმცა კლუბთან უთანხმოების გამო რუსთავში გადავიდა. მომდევნო ეტაპი რუსეთში იყო, ხოლო ბოლოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ იტალიაში მოხვდა.
სერია A-ში მისი თამაში სენსაციური იყო. არასრულ ორ სეზონში მან ნაპოლის მაისურით 78 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა“.
- წერს FourFourTwo.
შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს საქართველოს ნაკრები პირველ ტურში დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ თურქეთს დაუპირისპირდება.