„მისი გაყიდვა ქომაგების გულებში დანის ჩაცემა იქნება“ | ესპანური გამოცემა მამარდაზე
Fichajes.net-მა „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. „ტრანსფერი, რომლითაც პიტერ ლიმი კლუბს კიდევ ერთხელ გაანადგურებს“, - ასეთია მისი სათაური და ავტორი „მამარდას“ მომავალზე საუბრობს.
„საზაფხულო სატრანსფერო ჭორებს შორის არის ერთი, რომელმაც მესტალიას ბინადრების ქომაგები შეძრა. კლუბის მფლობელი, პიტერ ლიმი გიორგი მამარდაშვილის გასხვისებას აპირებს. ქართველი მეკარე ყველა ტურში ბრწყინავს და შთამბეჭდავი თამაშის წყალობით, ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდა.
მამარდაშვილი ვალენსიას ბურჯია. დაცვაში, მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული და გიორგი აგროვებს საოცარ სეივებს, რომლებიც ქომაგებსა და ფეხბურთის ექსპერტებს ლაპარაკის უნარს ართმევენ. მისი ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ქართველი მეკარე ევროპული გრანდების რადარზე იმყოფება, პიტერ ლიმს კი მისი გაშვება ზაფხულში უნდა.
მამარდაშვილის წასვლა ვალენსიასთვის სერიოზული დარტყმა იქნება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდი საკვანძო ფეხბურთელს დაკარგავს, იმიტომაც, რომ ღამურებს გიორგის საიმედო შემცვლელი არ ჰყავთ. ეს ყველაფერი კლუბს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ვალენსიას დაცვა დასუსტდება და მომდევნო სეზონისთვის საფრთხეები გაჩნდება.
ღამურების გულშემატკივრები შიშობენ, რომ პიტერ ლიმის ქმედება გუნდს დიდ ზიანს მოუტანს. წარსულში, მის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილებების შემდეგ, მამარდაშვილის გაყიდვა ვალენსიას ქომაგების გულებში დანის ჩაცემა იქნება“, - წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 29 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 41 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს გამართავენ და სტუმრად „გრანადას“ დაუპირისპირდებიან.