დევინ ბუკერის შოუ | 52 ქულა ნიუ ორლეან პელიკანსის წინააღმდეგ
„ფინიქს სანსმა“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში, 44-ე გამარჯვება იზეიმა. გამთენიისას, არიზონელები სტუმრად „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდნენ და ძლიერი მეტოქე დევინ ბუკერის საოცარი თამაშის წყალობით დაამარცხეს - 124:111.
ბუკერმა პარკეტზე 39 წუთი და 22 წამი გაატარა და 52 ქულა ჩააგდო, რასაც 9 ასისტი, 3 მოხსნა და 1 დაფარება დაუმატა. დევინმა 28-დან 19 ბურთი, 16-დან 8 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო გამოიყენა. 2024 წელს, ბუკერმა 50-ქულიანი ნიშნული მესამედ გადალახა და 8 სამქულიანი მისთვის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
ბუკერის გარდა, „ფინიქსის“ რიგებში 20 ქულა ჰქონდა კევინ დურანტს. იუსუფ ნურკიჩმა 19 ქულა, 19 მოხსნა და 4 ასისტი გააკეთა, ბრედლი ბილმა კი მატჩი 13 ქულით დაასრულა. „ნიუ ორლეანის“ მხრიდან საუკეთესო ზაიონ უილიამსონი იყო - 30 ქულა, 5 ასისტი. ტრეი მერფი მესამემ 21 ქულა ჩააგდო.
ცნობისთვის, „ფინიქსი“ 44 მოგებითა და 31 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 გახლავთ და „პელიკანსს“ 1 მოგებით ჩამორჩება. არიზონელები მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს, „კლივლენდ კავალიერსთან“ გამართავენ.