ზინედინ ზიდანი, მარკო მატერაცი
Aa
Aa

„ჩემს საქციელს ვნანობ, ეს არ უნდა მომხდარიყო“ - მატერაცი ზიდანთან ინციდენტზე

ვეტერანმა იტალიელმა მცველმა, მარკო მატერაციმ 2006 წლის მუნდიალის ფინალში ზინედინ ზიდანთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და მომხდარ დაპირისპირებაზე სინანული გამოთქვა.

რა თქვა მატერაციმ:

ეს ეპიზოდი არ მომწონს, რადგან ეს მომენტი ჩემს საფეხბურთო კარიერას არ ასახავს. ეს არ უნდა მომხდარიყო.

ბერლინში, საკმაოდ დაძაბულ ფინალში კამათისა და შეურაცხყოფის ფონზე ზიდანმა თავისი მაისური შემომთავაზა, მე კი უარი ვთქვი და ვუთხარი, რომ მისი და მერჩივნა. შემდეგ შემობრუნდა და ის გააკეთა, რაც ყველას კარგად ახსოვს. ამ ინციდენტის შემდეგ ზიდანი აღარ მინახავს.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, იტალიის და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრის დროს ზიდანსა და მატერაცის შორის ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, შემდეგ კი ფრანგმა ლეგენდამ იტალიელს მკერდის არეში თავი ჩაარტყა. შედეგად, „ზიზუმ“ წითელი ბარათი მიიღო და პენალტების სერია გამოტოვა, საფეხბურთო ლატარიაში კი გამარჯვება იტალიის ნაკრებმა მოიპოვა.

ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის წინ კომენტარი ზინედინ ზიდანმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ თავისი საქციელით არ ამაყობს:

„არ ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე, მაგრამ ეს ჩემი მოგზაურობის ნაწილია. ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანები ცხოვრებაში ყველაფერს იდეალურად არ აკეთებენ. იყო პერიოდი, როდესაც ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა. ვფიქრობ, ერთადერთი ადამიანი, ვინც იმ ეპიზოდში შემაკავებდა, ლიზარაზუ იყო. კარგი იქნებოდა, იმ საღამოს იქ რომ ყოფილიყო“, - განაცხადა „ზიზუმ“.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ზინედინ ზიდანმა საფეხბურთო კარიერაც დაასრულა. ლეგენდარული ფეხბურთელი 1998 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები