გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, თემურ ქეცბაია, იოჰან ბოსკამპი
Aa
Aa

92 საკვალიფიკაციო მატჩი და 113 გოლი - რა გზა გაიარა საქართველომ ევროპის ჩემპიონატამდე

ევროპის ჩემპიონატის რვა საკვალიფიკაციო ეტაპი, ერთა ლიგის ორი გათამაშება და ჯამში გამართული 92 მატჩი გაიარა საქართველოს ნაკრებმა იმ რთულ გზაზე, რასაც კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა ერქვა. ოთხმოცდათორმეტი მატჩიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 32 მოიგეს, 15 ფრედ დაასრულეს და 45 წააგეს, ბურთების შეფარდება 113-124-ზეა. ქვემოთ გთავაზობთ ევროპის პირველობის ყველა შესარჩევი ეტაპისა და მოგვიანებით შექმნილი ტურნირის, ერთა ლიგის იმ გათამაშებების მიმოხილვას, საიდანაც კონტინენტის მთავარ სანაკრებო ტურნირზე მოხვედრა იყო შესაძლებელი.

ევრო 1996

სადებიუტო საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მესამე ადგილზე გასვლამ ბევრი უკმაყოფილო დატოვა, თუმცა შემდეგ ტურნირებში ისე ცუდად ვთამაშობდით, რომ ეს შედეგი სანატრელი გაგვიხდა. ქართველი ფეხბურთელები თბილისში მხოლოდ გერმანელებთან და მოლდოველებთან დამარცხდნენ, უელსს 5-0, ალბანეთს 2-0, ბულგარეთს კი 2-1 მოუგეს. ჯამში საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ციკლი 15 ქულით მესამე პოზიციაზე დაასრულა და 14-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი, საიდანაც 4-4 ბურთი შოთა არველაძისა და თემურ ქეცბაიას ანგარიშზეა, გიორგი ქინქლაძემ კი 3 გოლი გაიტანა.

ევრო 2000

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრების ისტორიაში და მაშინ ჩვენ გუნდს ნიდერლანდელი იოჰან ბოსკამპი ამზადებდა. ქართველებმა ათიდან მხოლოდ ერთ თამაშში გაიმარჯვეს, ორი ფრედ დაასრულეს და შვიდჯერ დამარცხდნენ. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე გახდა 3 გოლით. ჯგუფში ერთადერთი მატჩი კი ნაკრებმა თბილისში ალბანეთთან არჩილ არველაძის ზუსტი დარტყმით მოიგო.

ევრო 2004

წინა შესარჩევის მსგავსად, საქართველოს ნაკრები ამჯერადაც ბოლო ადგილზე გავიდა. ქართველებმა ორი მატჩი მოიგეს და აქედან ერთი თბილისში რუსებთან. ჯამში რვა შეხვედრაში გუნდმა ამდენივე გოლი გაიტანა და გოლების ნახევარი შოთა არველაძეზე მოდის.

ევრო 2008

საკმაოდ რთული ჯგუფი შეგვხვდა, საიდანაც გასვლა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო - ქართველ ფეხბურთელებს 2006 წლის მუნდიალის ფინალისტებთან, ფრანგებთან და იტალიელებთან უწევდათ დაპირისპირება, რასაც საკმაოდ ძლიერი უკრაინისა და შოტლანდიის ნაკრები ემატებოდა. 12 მატჩიდან საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სამი მოიგო და ბოლოსწინა ადგილი დაიკავა. სამი გამარჯვებიდან ორი მაშინ ჯერ კიდევ უსუსტეს ფარერების ნაკრებთან მოდის, ერთხელ კი თბილისში შოტლანდიელებს სენსაციურად ვაჯობეთ. სწორედ ამ მატჩი გაიცნო ლევან მჭედლიძე და ლევან ყენია საფეხბურთო სამყარომ ახლოს. ყველაზე მეტი ხუთი ბურთი ამ შესარჩევშიც შოთა არველაძემ გაიტანა.

ევრო 2012

ამ საკვალიფიკაციო ციკლის ერთადერთი დადებითი ეპიზოდი თბილისში ხორვატიის ნაკრების დამარცხებაა - 2011 წლის 26 მარტს ლევან კობიაშვილის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვაჯობეთ. შეტევაში გუნდის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, რადგან ათ მატჩში მხოლოდ შვიდი გოლი გაიტანა და ბოლოსწინა ადგილზე გავიდა.

ევრო 2016

ისევე როგორც ევრო 2008-ის შესარჩევში, ნაკრებმა ამჯერადაც ბოლოსწინა ადგილი დაიკავა, ამჯერადაც სამ მატჩში აიღო სამი ქულა და ამჯერადაც ორ შემთხვევაში უსუსტეს მეტოქეს აჯობა. თუ რვა წლის წინ ჯგუფში ფარერები გვყავდა, 2016 წლის კონტინენტის პირველობის შესარჩევში მეტოქეობას გიბრალტარი გვიწევდა, რომელსაც სტუმრად 3-0, საკუთარ სტადიონზე კი 4-0 მოვუგეთ. ყველაზე შედეგიანი ამ შესარჩევში 3 გოლით თორნიკე ოქრიაშვილი იყო.

ერთა ლიგა

ამ ტურნირის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა და ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა ძირითადად სწორედ მისი უმაღლეს დონეზე გამოსვლის ხარჯზე მოიგო. ნახევარფინალში ვლადიმერ ვაისის მომზადებულმა გუნდმა ბელარუსს 1-0 აჯობა. თუმცა, სამწუხაროდ, მიზნამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა და ფინალში, მაყურებლისა და ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0-1 დავმარცხდით.

ევრო 2020

შეგვხვდა კიდევ ერთი თანაბარი ჯგუფი, სადაც ევროპული ფეხბურთის გრანდი არ იყო, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა შესარჩევის გზით მიზნის მიღწევა კიდევ ერთხელ ვერ შეძლეს. წავაგეთ კოპენჰაგენში დანიასთან 1-5, რაც ისტორიაში ესპანელებთან ექვსბურთიანი სხვაობით წაგებამდე, ყველაზე მტკივნეულ მარცხად ითვლებოდა. ჯამში გუნდმა 8 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა ადგილზე გავიდა.

ევრო 2024

ესპანეთის სახით ჯგუფს უდავო ფავორიტი ყავდა, თუმცა ერლინგ ჰოლანდის ნორვეგიაზეც დიდი ავანსები გაიცემოდა. მოხდა ისე, რომ შოტლანდიელებმა უმაღლეს დონეზე ითამაშეს და მათ „ფურია როხამ“ მხოლოდ ბოლო ორ ტურში გაუსწრო. საქართველოს ნაკრებმა კი მხოლოდ აუტსაიდერი კვიპროსის დამარცხება მოახერხა შინ და გარეთ და ბოლოსწინა ადგილი დაიკავა. თუმცა, იგრძნობოდა, რომ ქართველი ფეხბურთელები მთავარ აქცენტს ერთა ლიგაზე აკეთებდნენ.

ერთა ლიგა

2022 წლის ივნისში დაწყებული საქმე საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ წარმატებით დააგვირგვინა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ჯგუფურ ეტაპზე უშანსოდ მოვუგეთ იმ ჩრდილოეთ მაკედონიელებს, რომლებთანაც 2020 წელს ფინალი წავაგეთ. პრობლემა არ ყოფილა არც ბულგარელებისა და მით უმეტეს, არც გიბრალტარელების ძლევა. ლუქსემბურგთან ნახევარფინალი და საბერძნეთთან ფინალი კი ახალი ჩატარებულია და გულშემატკივარს აღარაფრის შეხსენება აღარ სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარალელი ორ ფინალს შორის - ვინ ითამაშა მაკედონიელებთან ახლანდელი გუნდიდან
პარალელი ორ ფინალს შორის - ვინ ითამაშა მაკედონიელებთან ახლანდელი გუნდიდან