„მეექვსე დივიზიონიდან ხვიჩას მწვრთნელი გავხდი“ | სანიოლის ასისტენტის კომენტარი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, ადელ შედლიმ L'Est Républicain-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. შედლის თქმით, მისი ცხოვრება ერთ ღამეში შეიცვალა და უეცრად, სამოყვარულო დონიდან, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავს ფეხბურთელთან დაიწყო მუშაობა.
„აფრიკის ჩემპიონი ვიყავი და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე, მაგრამ როგორც მწვრთნელი, ყოველთვის ფრონტის ხაზზე დგახარ და უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობ. ჩემთვის ყველაფერი 1 ღამეში შეიცვალა. საფრანგეთის რანგით მეექვსე დივიზიონიდან, რეგიონალ 1-დან, ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელი გავხდი, რომელიც ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-17 ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ქართველებისთვის განსაკუთრებული მოვლენაა და გერმანიაში წასვლა ყველა მათგანს უნდა. აუტსაიდერები ვიქნებით, მაგრამ თავს არ შევირცხვენთ“.
ცნობისთვის, 2004 წელს ადელ შედლიმ ტუნისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად აფრიკის ეროვნებათა თასი მოიგო. საკლუბო დონეზე „სენტ-ეტიენში'' (1994-97), „სოშოში'' (1997-2004), „ისტრში'' (2004-05, 2008-10), „ნიურნბერგსა'' (2005-06) და შვეიცარიულ „სიონში'' (2006-07) თამაშობდა, გარკვეული პერიოდი ემირატებში იყო, კარიერა 2013 წელს მაროკოში, „რაჯა კასაბლანკაში'' დაასრულა.