ლებრონის საოცარი მატჩი | 40 ქულა და 9 სამქულიანი ნეთსის წინააღმდეგ
„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ბოლო 7 შეხვედრაში მე-6 გამარჯვება იზეიმა. გამთენიისას, ლებრონ ჯეიმსის გუნდი „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდა და „მეფის“ საოცარი თამაშის წყალობით, მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - 116:104.
ლებრონი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და 39 წლის კალათბურთელმა აქტივში 40 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ჯეიმსმა 10-დან 9 სამქულიანი და 17-დან 13 ბურთი ჩააგდო, რაც საოცარი მაჩვენებელია. 9 სამქულიანით, ლებრონმა კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა და „ლეიკერსის“ მეორე კალათბურთელია, რომელმაც მინიმუმ 9 სამქულიანი ორ შეხვედრაში ჩააგდო.
„კიდევ რამდენ ხანს ვითამაშებ? დიდხანს ნამდვილად არა. კიდევ 21 წელი ნამდვილად ვერ ვითამაშებ და დიდი დრო აღარ დამრჩა. არ ვიცი, კარი როდის დაიხურება და კარიერას როდის დავასრულებ, მაგრამ ბევრი დრო ნამდვილად არ დამრჩა“, - განაცხადა „მეფემ“ მატჩის შემდეგ.
ლებრონის გარდა, 24 ქულითა და 14 მოხსნით ენტონი დევისი გამოირჩა. რუი ჰაჩიმურას 20 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა. საინტერესო ფაქტია ის, რომ „ლეიკერსის“ 116 ქულიდან 114 სასტარტო ხუთეულის ანგარიშზეა, ორად ორი ქულა გეიბ ვინსენტმა ჩააგდო. „ბრუკლინის“ მხრიდან საუკეთესო კემ ტომასი იყო - 30 ქულა, მიკალ ბრიჯისმა 13 ქულა გააკეთა.
ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 42 მოგება და 33 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-9 გახლავთ. ლოს ანჯელესელები მომდევნო შეხვედრას „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ გამართავენ.