უგოლო ფრე ეტიჰადზე - პრემიერლიგაში ლივერპული გალიდერდა
ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალს“ შორის გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა. მატჩში ძალიან ცოტა სახიფათო მომენტი შეიქმნა და შედეგად, საბოლოო ანგარიში სრულიად ლოგიკურია.
პირველ ნახევარში მასპინძლების ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი ნათან აკე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. „სიტისა“ და მთლიანად პრემიერლიგის ბომბარდირი ერლინგ ჰოლანდი კი 90 წუთის განმავლობაში ჩრდილში იყო და მეტოქე გუნდის მცველებისთვის პრობლემების შექმნა ვერ მოახერხა. თამაში განსაკუთრებული იყო „მეთოფეების“ დამრიგებლისთვის მიკელ არტეტასთვის, რომელიც წლების მანძილზე „ქალაქელებში“ პეპ გუარდიოლას ასისტენტად მუშაობდა.
„ეტიჰადზე“ დაფიქსირებული ფრით კარგად ისარგებლა „ლივერპულმა“ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მერსისაიდელებმა „ბრაიტონი“ ლუის დიასისა და მოჰამედ სალაჰის გატანილი ბურთებით 2-1 დაამარცხეს.