ლა ლიგაში მხოლოდ 3 მეკარე უსწრებს - მამარდამ პირადი რეკორდი გააუმჯობესა
ლა ლიგის 30-ე ტურში „ვალენსია’’ – „მალიორკა’’ 0:0 დასრულდა. ტრადიციულად, „ღამურებში'' გიორგი მამარდაშვილმა 90 წუთი ითამაშა და ამ სეზონში 29-დან 10 მატჩში კარი მშრალად შეინახა. ერთი სეზონის მიხედვით ქართველმა მეკარემ პირადი რეკორდი გააუმჯობესა, თუ 2021-22 წლების სეზონში 18-დან 8 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, გასულ სეზონში კი 38-დან 7-ში, ამ სეზონში ეს სტატისტიკა ათ შეხვედრამდე გაზარდა.
მიმდინარე სეზონში მშრალი შეხვედრების რაოდენობით მამარდაშვილს ლა ლიგაში მხოლოდ 3 მეკარე უსწრებს.
უნაი სიმონი - 29-დან 15 მშრალი მატჩი (51,7 პროცენტი)
ალექს რემირო - 28-დან 12 მშრალი მატჩი (42,9 პროცენტი)
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი - 20-დან 11 მშრალი მატჩი (55 პროცენტი)
სერხიო ერერა - 26-დან 10 მშრალი მატჩი (38,5 პროცენტი)
გიორგი მამარდაშვილი - 29-დან 10 მშრალი მატჩი (34,5 პროცენტი)
პაულო გაზანიგა - 29-დან 10 მშრალი მატჩი (34,5 პროცენტი)
სტოლე დიმიტრიევსკი - 29-დან 10 მშრალი მატჩი (34,5 პროცენტი)
იან ობლაკი - 29-დან 9 მშრალი მატჩი (31 პროცენტი)
გიორგი მამარდაშვილს არაერთ ევროპულ კლუბს უკავშირებენ. მიმდინარე კვირაში Tuttosport-მა დაწერა, რომ „მილანი'' მაიკ მენიოს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება და ალტერნატივად ქართველ მეკარეს განიხილავენ. აღნიშნული წყარო მამარდაშვილის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 40-45 მილიონ ევროს ასახელებს, თუმცა ახლახან „ვალენსიას'' ყოფილმა მეკარემ, ანდრეს პალოპმა განაცხადა, რომ უფრო რეალური 20-25 მილიონი ევროა, რადგან მეკარეში კლუბები დიდ თანხას არ იხდიან.