კალცონა: “რასპადორი ხვიჩას ნაცვლად? ის მე გარანტიებს მაძლევს“
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „ატალანტას“ უმასპინძლა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
კალცონა:
„რასპადორი კვარაცხელიას ნაცვლად? ის კარგად ვარჯიშობს და გარანტიებს მაძლევს. შესაძლოა ნებისმიერმა დაუშვას შეცდომა, მაგრამ არ მგონია, რომ მასზე უკეთ ახლა ვინმეს ეთამაშა. რასპადორი გარანტიებს მაძლევს და მას ცენტრშიც შეუძლია თამაში. ჯაკომო ცენტრალურ თავდამსხმელადაც შემიძლია გამოვიყენო. ახლა ის შემადგენლობაში მოსახვედრად მაქსიმუმს აკეთებს და ამის არ დანახვა შეუძლებელია."
აღსანიშნავია, რომ „ატალანტასთან“ მატჩი სატურნირო თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. დღევანდელ მატჩამდე, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი ბერგამოულ კლუბს 2 ქულით ჩამორჩებოდა და გამარჯვების შემთხვევაში „ნაპოლი“ კონფერენს ლიგის ზონაში შევიდოდა, თუმცა სხვაობა 5 ქულამდე გაიზარდა.“
ამ მომენტისთვის, „ნაპოლის“ 45 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ნეაპოლურ გუნდს 9 ქულა აშორებს.
შეგახსენებთ, აღნიშნულ დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა ვერ მიიღო. ამის მიზეზი საბერძნეთთან მატჩში მიღებული დაზიანებაა. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქართველი ფეხბურთელის თამაში ტრავმის გართულების რისკს შეიცავდა. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ „მონცას“ ესტუმრება.