“წადით“ - ნაპოლის გულშემატკივრების პროტესტი
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „ატალანტას“ უმასპინძლა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. რა თქმა უნდა, ასეთი მტკივნეული მარცხი გუნდის ისტორიაში პირველი არ არის, თუმცა ამ წაგებამ „პარტენოპეის“ ქომაგები ზედმეტად აღაშფოთა.
მატჩის დასრულების შემდეგ, კალცონას შეგირდები გულშემატკივრებთან მივიდნენ და ბოდიში მოიხადეს, თუმცა მათგან საკმაოდ დიდი აგრესია წამოვიდა.
CalcioNapoli-ს ინფორმაციით, ქომაგებმა ბოდიში არ მიიღეს და ტრიბუნიდან ერთხმად სკანდირებდნენ: „წადით, წადით!““
აღსანიშნავია, რომ „ატალანტასთან“ მატჩი სატურნირო თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. დღევანდელ მატჩამდე, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი ბერგამოულ კლუბს 2 ქულით ჩამორჩებოდა და გამარჯვების შემთხვევაში „ნაპოლი“ კონფერენს ლიგის ზონაში შევიდოდა, თუმცა სხვაობა 5 ქულამდე გაიზარდა.
ამ მომენტისთვის, „ნაპოლის“ 45 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ნეაპოლურ გუნდს 9 ქულა აშორებს.
შეგახსენებთ, აღნიშნულ დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა ვერ მიიღო. ამის მიზეზი საბერძნეთთან მატჩში მიღებული დაზიანებაა. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქართველი ფეხბურთელის თამაში ტრავმის გართულების რისკს შეიცავდა. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ „მონცას“ ესტუმრება.