ცხოვრებაძე: ვულოცავ ფეხბურთელებს და ჩემპიონატზე მათ გვერდით ვიქნები
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წარმატებამ მთლიანად ქართული სპორტის სამყარო გააერთიანა და მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სხვა სახეობის წარმომადგენლები ყოველდღიურად ულოცავენ. ერთ-ერთი მათგანია გერმანიის „გუმერსბახისა“ და საქართველოს ნაკრების ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე, რომელთანაც CRYSTALSPORT-მა პატარა ინტერვიუ ჩაწერა.
რა თქვა ცხოვრებაძემ
ბუნებრივია საქართველოს ნაკრების წარმატება სპორტის ნებისმიერ სახეობაში სასიხარულოა. თანაც, როდესაც რაღაცას პირველად აღწევ, ეს ორმაგად დიდ სიხარულს განიჭებს. ფეხბურთელებმა როგორც მთელი ქვეყანა, ასევე მე ძალიან გამახარეს. მათ პირადად არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ იანვარში ჩვენი ნაკრები გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე როცა თამაშობდა, ტრიბუნიდან ბუდუ ზივზივაძე გვქომაგობდა. მეც ჩემი მხრიდან პირობას ვდებ, რომ ფეხბურთელებს თითოეულ შეხვედრაში ვუგულშემატკივრებ და თუ თამაშები არ დაემთხვევა, მათ ადგილიდან გავამხნევებ.
ცხოვრებაძემ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზარდულის ტრავმა სრული დატვირთვით თამაშის საშუალებას არ აძლევს და როგორც ექიმებმა უთხრეს, ტკივილები ხანგრძლივი პაუზის აღების გარეშე არ ჩაცხრება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ის გუნდის წამყვანი ხელბურთელია და მის პოზიციაზე შემცვლელი არ ყავთ, „გუმერსბახი“ კი ევროპა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, ჯერჯერობით საკუთარ თავს დასვენების უფლებას ვერ აძლევს და ტკივილების ფონზე თამაშობს.