18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა - მომდევნო მეტოქე საფრანგეთია
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ პარმაში მიმდინარე ექვსი ერის ფესტივალი მარცხით დაიწყო. მთავარი მწვრთნელის ზურაბ ამონაშვილის ხელმძღვანელობით მოთამაშე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის ასაკობრივი გუნდთან 14-22 წააგეს. მეტოქის ჩათვლის მოედანი ქართველებმა პირველ შემთხვევაში დავით ბარბაქაძის გარღვევის შედეგად აიღეს, მეორედ კი საჯარიმო ლელო დადეს. ორივე გარდასახვა ზუსტად გიგი სირბილაძემ შეასრულა.
18-წლამდე ექვსი ერის ფესტივალზე შეცვლები ულიმიტოა და უკვე მოედნიდან გასულ მოთამაშეს დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლია. განაცხადში მყოფი ყველა მორაგბე კი, ფესტივალის ფარგლებში გასამართი სამი თამაშიდან მინიმუმ ერთში სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს. მომდევნო შეხვედრას საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 3 აპრილს საფრანგეთთან გამართავს.