ილია თოფურიას დაპირება ფანებს - ბერნაბეუზე 2024 წელს ვიჩხუბებ
UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ჯერჯერობით ისვენებს და მომდევნო ბრძოლის ჩანიშვნას ელოდება, რომელიც მისი დიდი სურვილია, რომ მადრიდის საფეხბურთო კლუბ „რეალის“ საშინაო სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგეს. 27 წლის ქართველი მებრძოლის ვრცელი ინტერვიუ The Athletic-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ილიამ აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი ჩხუბის „ბერნაბეუზე“ გამართვაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ეს ღონისძიება უკვე 2024 წელს შედგეს.
რა თქვა თოფურიამ
ყველამ კარგად იცის, რომ რასაც ვამბობ ყველაფერს ვასრულებ. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემი ბრძოლის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართვაზე. უბრალოდ ახლა დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს, მაგრამ საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რაც შეეხება ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ჩხუბს, კიდევ ათასჯერ რომ გავხდე ჩემპიონი, 18 თებერვლის შეხვედრა არასოდეს დამავიწყდება, რადგან ეს პირველი საჩემპიონო ემოციები იყო. რატომ მადრიდი და რატომ ბერნაბეუს სტადიონი? მიყვარს „რეალი“, რადგან მგონია, რომ ეს კლუბი ესპანეთის ღირებულებებს მთელ მსოფლიოში ყველაზე კარგად წარმოაჩენს. სამეფო გუნდის ყოფილი კაპიტანი სერხიო რამოსი კი ჩემი კერპია. არასოდეს დამავიწყდება ლისაბონში გამართულ ფინალში „ატლეტიკოსთან“ მატჩის ბოლო წუთზე მის მიერ თავური დარტყმით გატანილი გოლი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი შემხვდა, ხალხისგანაც უდიდესი დაფასება ვიგრძენი და მგონია, რომ ესპანელები ისევე მაფასებენ და თბილად მექცევიან, როგორც რაფაელ ნადალს, პაუ გასოლსა და ფერნანდო ალონსოს.
იმ შემთხვევაში თუ ილია თოფურიას ჩხუბი მადრიდში მართლაც ჩაინიშნა, მაშინ დასწრების მხრივ UFC-ის რეკორდი აუცილებლად მოიხსნება. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის შეხვედრას ყველაზე მეტმა, 57 ათასმა ადამიანმა ტრიბუნიდან თვალი 2019 წელს მელბურნში, „მარველის“ სტადიონზე მიადევნა, „სანტიაგო ბერნაბეუ“ კი 80 ათასზე მეტ გულშემატკივარზეა გათვლილი.