„ყველაზე ოპტიმისტი ადამიანების მოლოდინებსაც აჭარბებს“ | Relevo მამარდაზე
Relevo-მ „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩზე ისაუბრა და „მამარდას“ პროგრესზე დაწერა.
„მამარდაშვილის მორიგი მიღწევა. ვალენსიას მეკარემ ყველა დაბრკოლება კიდევ ერთხელ გადალახა და საქართველოს ნაკრებთან ერთად, ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. გიორგი საბერძნეთთან გამართული მატჩის ერთ-ერთი გმირი იყო და თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტი მოიგერია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მამარდაშვილი ყველაზე ოპტიმისტი ქომაგების მოლოდინებსაც აჭარბებს. გიორგის იგივე ვალენსიაშიც გაუკეთებია და სარეზერვო გუნდში მისული ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა.
ბრწყინვალე რეფლექსებისა და სიმაღლის წყალობით, მამარდაშვილი ყველასგან გამოირჩეოდა. სასტარტოში მოხვედრის შემდეგ, მან საოცარი შთაბეჭდილება ბევრჯერ დატოვა, თუმცა, მისი სუსტი მხარეებიც გამოჩნდა: პენალტები და გამოსვლაზე თამაში. გიორგის კარის ხაზის დატოვების ეშინოდა და გამოსვლაზე უარს ამბობდა. მან პროგრესს ხოსე მანუელ ოჩოტორენასთან გაწეული უდიდესი სამუშაოს წყალობით მიაღწია, რასაც რუბენ ბარახასთან გამართული საუბარი დაემატა, რომელმაც მოუწოდა, შიშის გამო, გამოსვლაზე უარი არ ეთქვა და სჯობდა, შეცდომა დაეშვა, ვიდრე კარის ხაზზე დარჩენილიყო. რა მოჰყვა ამას? ბოლო 5 თვის განმავლობაში, ვალენსიას სტანდარტულებიდან და ჩაწოდებებიდან მხოლოდ 1 გოლი აქვს გაშვებული.
მამარდაშვილის მეორე სუსტი წერტილი პენალტები იყო და პირველი შვიდი თერთმეტმეტრიანიდან ვერც ერთი მოიგერია, თუმცა, ეს პრობლემაც გამოასწორა. ბოლო 9 პენალტიდან გიორგიმ 4 აიღო. რა არის მისი საიდუმლო? ვარჯიშებისას არის დღეები, როცა მამარდაშვილი მთელ ყურადღებას პენალტებს უთმობს და მხოლოდ ამაზე მუშაობს. გიორგის პროგრესით მხოლოდ ვალენსიამ კი არა, საქართველოს ნაკრებმაც ისარგებლა და გადამწყვეტ შეხვედრაში, მან ბაკასეტასის პენალტი მოიგერია. ვალენსიამ მამარდაშვილის სანაცვლოდ მხოლოდ 850 000 ევრო გადაიხადა და ისეთმა კლუბებმა, როგორებიც ბარსელონა, ატლეტიკო და ბეტისი არიან, ამ თანხის დაფარვაზე უარი თქვეს. მამარდაშვილი ახლა ბევრად ძვირი ღირს და ღამურები ზაფხულში მის სანაცვლოდ დიდი თანხის მიღებას გეგმავენ, - წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 28 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 40 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 30 მარტს გამართავენ და „მესტალიაზე“ „მალიორკას“ დაუპირისპირდებიან.