„მასზე ვზრუნავ, არ მინდა მომდევნო ჩხუბში ცუდად გამოვიდეს“ | მალიხინი მერაბზე
One Championship-ის სამი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ანატოლი მალიხინმა მერაბ დვალიშვილთან წაგებულ სანაძლეოზე ცნობილ გამოცემასთან, MMA Junkie-სთან ისაუბრა. მალიხინმა „მანქანას“ 50 000 აშშ დოლარი უნდა გადაურიცხოს და ქართველმა მებრძოლმა რამდენჯერმე დაწერა, რომ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს მიღებული.
„ფულს ნელ-ნელა ვურიცხავ. შეთანხმება გვაქვს, რომ ყოველთვიურად, 1000-2000 აშშ დოლარი მივცე. არ მინდა, მთლიანი თანხა გადავურიცხო, რადგან მგონია, რომ მაგრად გაერთობა, გრანდიოზულ წვეულებას მოაწყობს და მომდევნო ჩხუბს ცუდად ჩაატარებს. მასზე ვზრუნავ და მოგებულ ფულს ეტაპობრივად ამიტომ იღებს“.
ცნობისთვის, მერაბმა და მალიხინმა სანაძლეო პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბზე დადეს და „ალჯოს“ გამარჯვების წყალობით, „მანქანამ“ 50 000 მოიგო, რომელიც ვერა და ვერ მიიღო. ბოლო ინფორმაციით, მერაბს მხოლოდ 11 000 აშშ დოლარი აქვს მიღებული.
სხვათა შორის, მალიხინმა ამ თემაზე რუსულ MatchTV-საც ესაუბრა. რუსმა მებრძოლმა განაცხადა, რომ დვალიშვილს რამდენჯერმე დაუკავშირდა და ჰკითხა, ყოველი მოგების შემდეგ, პოსტს რატომ აქვეყნებდა, თითქოს ფულს ვერ იღებდა, მაგრამ მისგან პასუხი ვერ მიიღო.