ხვიჩას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ატალანტასთან თამაში საეჭვოა
ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებიდან ნეაპოლში დღეს დილით დაბრუნდა და გუნდში მაშინვე სამედიცინო შემოწმება გაიარა.
ტესტების დასრულების შემდეგ „ნაპოლიმ“ ქართველი შემტევის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
რა წერია განცხადებაში:
ხვიჩა კვარაცხელია დღეს დილით „პინეტა გრანდეს“ ჰოსპიტალს ეწვია და კომპლექსური ტესტები ჩაუტარდა, რის შემდეგაც გამოვლინდა მარცხენა ბარძაყის კუნთის მჭიდრო დაჭიმულობა. ქართველს შემტევს ჩაუტარდა თერაპია და ფიტნეს დარბაზში ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის დაჭიმულობა საქართველოსა და საბერძნეთის მატჩში, მეორე ექსტრა ტაიმის ბოლოსკენ მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. კვარამ „კრისტალსპორტთან“ განაცხადა, რომ მისი დაზიანება მძიმე არ იყო:
„დაზიანება როგორია? არაფერი სერიოზული. უბრალოდ კუნთი გამეჭიმა და ეს ხდება ხოლმე, როცა ბევრს თამაშობ“.
რამდენიმე წუთის წინ, Sky Sports-მა დაწერა, რომ ქართველი შემტევი „ატალანტასთან“ მატჩს გამოტოვებს, რომელიც მისმა გუნდმა 30 მარტს, დიეგო მარადონას სტადიონზე უნდა გამართოს. გამოცემა აცხადებს, რომ კვარას უახლოეს მატჩში თამაში სურს, თუმცა, სამედიცინო შტაბის წევრები ქართველის მდგომარეობით არ გარისკავენ და დასვენების შესაძლებლობას მისცემენ.
ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ტურნირი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.