ცხადაძე: „გუნდმა უდიდესი ფსიქოლოგიური სიძლიერე გამოავლინა“
საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი და ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე ჩვენი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ეხმაურება. 56 წლის სპეციალისტმა საქართველოს პირველი არხის ეთერში საბერძნეთთან მატჩი შეაფასა.
რა თქვა ცხადაძემ:
ყველას ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. ამას მთელი საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. მთელი ამ დროის მანძილზე ყველა თავდაუზოგავად ცდილობდა, რომ ამ დიდ ტურნირზე გვეთამაშა და ამ გუნდმა შეძლო ეს. მათ კიდევ ერთხელ მივულოცავ ამას. ყველამ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა, არამარტო ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა, არამედ ყველა იმ ადამიანმა, ვინც ეს ნაკრები შექმნა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყოველთვის, ყველა ერთად იდგა მაშინ, როდესაც იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. ყველაფრის მიუხედავად, ერთმანეთის სჯეროდათ და ეს წარმატებაც სწორედ აქედან მოდის.
ვეთანხმები სანიოლს იმაში, რომ ერთ თვეში, ან ერთ წელში არ ხდება დიდი შედეგის მიღწევა, ამას რამდენიმე წელი და მოთმინება სჭირდება, რაც ჩვენს ფედერაციის ხელმძღვანელობას ნამდვილად ეყო. როდესაც მწვრთნელი მოგყავს, იმის უნდა გჯეროდეს და ენდობოდე, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ თავისი თავი ბოლომდე გამოავლინოს. იყო ძალიან კარგი თამაშები, იყო წარუმატებელიც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ფედერაციის ხელმძღვანელებს არასდროს ჰქონიათ მთავარი მწვრთნელის შეცვლის ფიქრი. სწორად მოიქცნენ, რომ ვილი ბოლომდე დატოვეს და დარწმუნებული ვარ, რომ დიდხანს დარჩება და უფრო კარგი შედეგიც ექნება.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ზოგადად, ასეთი თამაშები საყურებლად ძალიან მძიმე გამოდის, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ფსიქოლოგიური წნეხი ახლავს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდმა ძალიან ითამაშა დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს. ეს ეხება არამარტო მეკარესა და მცველებს, არამედ, საერთოდ მთელ გუნდს. პირადად მე განცვიფრებული ვიყავი. თუნდაც ჩაკვეტაძემ და კვარაცხელიამ რაც დაცვაში გააკეთეს, ძალიან დიდი სამუშაო იყო. ფაქტობრივად, მთელი 120 წუთის განმავლობაში საბერძნეთს მომენტი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით კუთხურიდან როცა ხარიხას გაგვირტყეს. ეს იმის დამსახურებაა, რომ თამაში სწორად დაიგეგმა და აქცენტი კარის მშრალად შენახვაზე გაკეთდა. ფინალური თამაშებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ყველაფერი სწორად იყო გაკეთებული, იყო რამდენიმე კარგი ამოსვლაც და ცოტა რომ გაგვმართლებოდა, გოლსაც გავიტანდით.
რაც შეეხება პენალტების სერიას, გიორგი მამარდაშვილი 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უმაღლესი დონის მეკარედ ჩამოყალიბდა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი. თავად ფეხბურთელებმა თერთმეტმეტრიანები როგორც შეასრულეს, ძალიან კარგი იყო. ყველა თავდაჯერებული იყო და იცოდნენ რასაც აკეთებდნენ. მიქაუტაძეს არ გაუმართლა, მეკარე მოატყუა, მაგრამ ტექნიკა დააკლდა... არ გაუმართლა. თუმცა, ყველა დარტყმა, რაც ფეხბურთელებმა შემოგვთავაზეს, უნდა გასულიყო. მნიშვნელოვანია, რომ ამ სერიით ფეხბურთელებმა ფსიქოლოგიური სიძლიერე გამოავლინეს.შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ტურნირი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.