ყველაფერი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელზე - საინტერესო ფაქტები ვილი სანიოლის ბიოგრაფიიდან
რამდენიმე უცხოელს უმუშავია საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, მაგრამ ქართველი გულშემატკივრის უმთავრესი ოცნების ასრულება და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის პრესტიჟული სანაკრებო ტურნირის ფინალურ ეტაპზე გაყვანა მხოლოდ ვილი სანიოლმა მოახერხა. ის ამ თანამდებობაზე 2021 წლის 15 თებერვალს დაინიშნა და მას შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა 33 მატჩიდან 16 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 12 წააგეს, ბურთების შეფარდება 55-45-ზეა. როგორ დაიწყო მისი სამწვრთნელო კარიერა და რამდენად მაღალი დონის ფეხბურთი აქვს ნათამაშები, ახლა თითოეული ქართველისთვის საინტერესოა.
ვილი დავიდ ფრედერიკ სანიოლი 1977 წლის 18 მარტს სენტ-ეტიენში დაიბადა. კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა. ის ასევე იყო საფრანგეთის ნაკრების წევრი 1997 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 2002 წლის და 2006 წლის მუნდიალებსა და 2004 და 2008 წლის ევროპის პირველობებზე. მთავარი მწვრთნელის ამპლუაში თითქმის ორი წლის განმავლობაში „ბორდოს“ ამზადებდა, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებს ჩაუდგა სათავეში და გუნდი კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.
ფეხბურთის თამაში ვილიმ მამამისის მშობლიურ კლუბ ჩრდილო ლუარას, მონფოკონ-ან-ველეში დაიწყო, სადაც მან მცველისთვის აუცილებელი სათამაშო უნარები გამოიმუშავა. შემდეგ უკვე მშობლიური რეგიონის ფლაგმან გუნდ „სენტ-ეტიენში“ გადაინაცვლა, რასაც „მონაკოში“ გატარებული სამწლიანი პერიოდი მოყვა, რომელიც 2000 წელს ლიგა 1-ის მოგებით დაგვირგვინდა. სანიოლი იყო ჟან ტიგანას ფორმაციის „თავადების“ შეუცვლელი წევრი, რომელმაც 1998 წელს ჩემპიონთა ლიგიდან „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოთიშა. ამ პერიოდში ის იმდენად კარგ ფორმაში იყო, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როჟე ლემერმა „სამფეროვნებში“ გამოიძახა.
2000 წლის ზაფხულში საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი „ბაიერნში“ გადავიდა და ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად საკმაოდ დიდი შრომა დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწია და გუნდის შეუცვლელ წევრად იქცა. ის თანაბრად წარმატებული იყო დაცვითი და შეტევითი ფუნქციების შეთავსებისას და რეკოდმაისტერის რიგებში 5-ჯერ „ვერცხლის სინი“, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და 4-ჯერ გერმანიის თასი მოიგო. სწორედ „ბაიერნი“ იყო მის კარიერაში ბოლო გუნდი, რადგან 2009 წლის თებერვალში ქრონიკული ტრავმის გამო, 32 წლის ასაკში კარიერის დასრულება მოუწია.
საკლუბოსთან შედარებით სანაკრებო ასპარეზზე შედარებით ნაკლებ წარმატებას მიაღწია. თავდაპირველად ლილიან ტიურამის დუბლიორი იყო და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ძირითადში ვერ ხვდებოდა, სანამ მარსელ დესაი არ წავიდა და ტიურამი ცენტრალურ მცველად არ გადაკვალიფიცირდა. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2006 წლის მუნდიალი იყო, სადაც შვიდივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ფინალში ზინედინ ზიდანს პოტენციური საგოლე პასი მიაწოდა, თუმცა გენიალური ფრანგის თავური დარტყმა გენიალურმა ჯანლუიჯი ბუფონმა ულამაზეს ნახტომში მოიგერია. სხვათა შორის ბევრი ამბობს, რომ მატერაცისთან მომხდარი ჩხუბისა და გაძევების გამო, სანიოლმა ფინალის შემდეგ ზიდანს უსაყვედურა და მასთან დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტი ქონდა.
რაც შეეხება ვილის სამწვრთნელო კარიერას, საქმიანობა საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებში დაიწყო, თუმცა მალევე კონტრაქტი „ბორდოსთან“ გააფორმა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ სადებიუტო სეზონში ჟირონდელებმა ლიგა 1-ში მეექვსე ადგილი დაკავეს. ამ წელს იყო შთამბეჭდავი გამარჯვებები „მონაკოსთან“ (4-1), და „პარი სენ-ჟერმენთან“ (3-2), თუმცა ასევე დაფიქსირდა „ლიონთან“ წაგება - 0-5. 2015-2016 წლების სეზონში, საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბორდომ“ ლარნაკას „აეკისა“ და ალმატის „კაირატის“ ძლევით ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან წარუმატებლად, ოთხი ფრითა და ერთი წაგებით დაიწყო. მეშვიდე ტურში, კი „ნიცასთან“ „მეღვინეები“ 1-6 განადგურდნენ. არასტაბილური სეზონი სანიოლს ბოლომდე არ ჩაამთავრებინეს და 2016 წლის 14 მარტს პოსტიდან გადააყენეს.
2017 წლის 9 ივნისს ის „ბაიერნში“ უკვე მწვრთნელის ასისტენტის ამპლუაში დაბრუნდა და კარლო ანჩელოტის ეხმარებოდა, რომელმაც პოსტი ამავე წლის 28 სექტემბერს დატოვა, სანიოლს კი ერთ მატჩში ფეხბურთელების მომზადება დროებითი მენეჯერის ამპლუაში მოუწია, რა დროსაც რეკორდმაისტერმა „ჰერტასთან“ ფრედ 2-2 ითამაშა.
ახლა კი თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო პერიოდი უდგას და მან ქართველი გულშემატკივრის გასახარად, საბერძნეთთან მატჩის შემდგომ პრეს კონფერენციაზე აღნიშნა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და ქართველ ფეხბურთელებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს.