როდის ჰქონდა ბოლოს კვეკვესკირს პენალტი შესრულებული? ინფორმაცია საბერძნეთთან მატჩის გმირზე
ნიკოლოზ კვეკვესკირი 11-მეტრიანების ხშირი დარტყმით არ გამოირჩევა და არც შტატიან პენალტისტად ითვლება, მაგრამ როცა სიტუაციამ მოითხოვა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ზუსტი დარტყმით არამხოლოდ ქართული საფეხბურთო სამყაროს, არამედ მთლიანად ქართველი ერის ოცნება აასრულა.
31 წლის ნახევარმცველს ბოლოს პენალტის დარტყმა 2022 წლის 15 იანვარს პოზნანის „ლეხის“ შემადგენლობაში ჩეხეთის „ოსტრავასთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მიანდეს და მაშინაც სიზუსტე არ დაკლებია. მანამდე თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მისვლა 2017 წლის 20 აგვისტოს, „ტობოლში“ თამაშისას “თარაზთან“ მატჩში მოუწია და იმ შემთხვევაშიც უშეცდომო იყო.
„ლეხში“ ნიკა 2021 წლიდან თამაშობს და ამ ხნის მანძილზე გამართულ 83 შეხვედრაში მის ანგარიშზე 5 გოლია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხუთიდან ოთხი ბურთი მან პორტუგალიელი თანაგუნდელის ჟოელ პერეირას გადაცემით გაიტანა.
კვეკვესკირი 1992 წლის 29 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ის გალიდან დევნილია და როგორც ერთ-ერთი ინტერვიუში აქვს ნათქვამი, თითოეულ წარმატებასა და თითოეულ გოლსა თუ საგოლე პასს სწორედ აფხაზეთს და იქიდან იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს უძღვნის. მისი კარიერა 2009 წელს ზუგდიდის „ბაიაში“ დაიწყო, რასაც 2011-2014 წლებში „დინამო თბილისში“ გატარებული სამწლიანი პერიოდი მოყვა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში თამაშისას შუალედში იყო ნახევარსეზონიანი საიჯარო ხელშეკრულება, რომლის დროსაც ცხინვალის „სპარტაკში“ გამოდიოდა. დედაქალაქიდან კვეკვესკირი 2014 წელს გორის “დილაში“ გადაბარგდა და ერთ სეზონში 27 მატჩში 7 გოლი გაიტანა. 2015 წლიდან კი ის საზღვარგარეთ გამოდის და სხვადასხვა პერიოდში ბაქოს „ინტერის“, „გაბალასა“ და „ტობოლის“ ღირსებას იცავდა.
ბოლო დროს ნიკას საკლუბო დონეზე საქმეები კარგად ვერ მისდიოდა და ძირითად შემადგენლობაში ძველებურად რეგულარულად ვერ ხვდებოდა, თუმცა სანაკრებო წარმატება მას სავარაუდოდ „ლეხში“ პოზიციების დაბრუნებაში დაეხმარება და თუ ვერ დაეხმარება, თავისუფლად შესაძლებელია მისი სამსახურით უფრო მაღალი რანგის ლიგიდან უფრო მაღალი დონის კლუბი დაინტერესდეს.
სხვათა შორის ეროვნულ ნაკრებში, რომლის ღირსებასაც ის 2015 წლიდან იცავს, ნიკას მომდევნო შეხვედრა საიუბილეო, მე-60 იქნება