შოთა არველაძე, კახა კალაძე
Aa
Aa

„ვამაყობ ბიჭებით, გულშემატკივრებით“ | რა თქვეს კახა კალაძემ და შოთა არველაძემ

საქართველოს ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა, კახა კალაძემ და შოთა არველაძემ „ჯვაროსნების“ ისტორიულ წარმატებაზე ისაუბრა. ჩვენმა გუნდმა საბერძნეთს პენალტების სერიაში 4:2 მოუგო და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

„ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორია, რომელიც დაიწერა. ამისთვის ვწვალობდით, ვიბრძოდით რამდენიმე ათეული წელია. სამწუხაროდ, როგორც ფეხბურთელს, მე არ მომეცა შესაძლებლობა, ჩემს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ან მსოფლიოზე მეთამაშა, მაგრამ დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი, ისე, როგორც არასდროს. ამაყი ვარ, ამაყი ვარ ამ ბიჭებით, ამაყი ვარ იმ გულშემატკივრებით, რომლებიც დღეს სტადიონზე იყვნენ. ვინც ვერ მოახერხა, ვისაც გული დასწყდა, ყველა, ყველა მიყვარხართ, გილოცავთ და წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვებები, სიხარული გვენახოს სრულიად საქართველოს. გამთლიანებული, ძლიერი საქართველო გვენახოს უახლოეს მომავალში. ყველა გერმანიაში, გილოცავთ!“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ყველა ახალ წელზე მაგარი ახალი წელია ალბათ 1981 წლის შემდეგ. ყველაზე მაგარი დილა გათენდება ხვალ განსხვავებულ საქართველოში. საოცარი დღე იყო. მიუხედავად იმისა, რომ 120 წუთზე მეტი ვიწვალეთ, ფრენის დღეა. არავინ არ უნდა დაიძინოს. მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო. შეიძლება, ვიღაცამ ჩემი სიტყვები გადამეტებულად ჩათვალოს, მაგრამ თუ რამე გამაჩნია და მიცხოვრია ერთი წუთითაც, ხვალინდელ დილას არაფერი შეედრება და ყველაზე განსხვავებულია. ეს შეუძლია ფეხბურთს, ეს შეუძლიათ ამ ბიჭებს და ეს შეუძლია, ამ გამარჯვებას. წინ ოლიმპიადა გვაქვს და ყველა ოლიმპიელი ამ ფრთებით იფრენს. ევროპაზე გვყავს ჯგუფი, სადაც თავისუფლად შეიძლება, გასვლაზე ფიქრი“, - განაცხადა არველაძემ.

ცნობისთვის, მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა და „ჯვაროსნებმა" ევრო 2024-ის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვეს, რომელიც 4:2 მოიგეს. ჩვენი ეროვნული გუნდი, ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განადგურებული ვართ, საქართველოს მოგებას ვულოცავ“ | გუსტავო პოიეტი
„განადგურებული ვართ, საქართველოს მოგებას ვულოცავ“ | გუსტავო პოიეტი