კვარა: „ბევრ სტადიონზე მითამაშია, ასეთი ქომაგობა არსად მინახავს“
საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც 0:0 დასრულდა და „ჯვაროსნებმა“ პენალტების სერიაში იმარჯვეს. „კვარამ“ „დინამო არენაზე“ მყოფ გულშემატკივრებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ტრიბუნებზე საოცარი ატმოსფერო იყო.
„უბედნიერესები ვართ. ასეთი ემოცია ცხოვრებაში არასდროს მქონია და მადლობა, ქართველ გულშემატკივრებს. ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები და ასეთი ქომაგობა არსად მინახავს. ქომაგები იყავით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რის გამოც, გავიმარჯვეთ.
დიახ, ბავშვს ველოდები და გოლის გატანა მინდოდა, რათა განსაკუთრებულად აღმენიშნა და ბურთი მუცელში, მაისურის ქვემოთ ჩამედო, მაგრამ არ გამოვიდა. დაზიანება როგორია? არაფერი სერიოზული. უბრალოდ კუნთი გამეჭიმა და ეს ხდება ხოლმე, როცა ბევრს თამაშობ“.
ცნობისთვის, მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა და „ჯვაროსნებმა" ევრო 2024-ის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვეს, რომელიც 4:2 მოიგეს. ჩვენი ეროვნული გუნდი, ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.