„60 000 ვიყავით თერთმეტის წინააღმდეგ“ | რა თქვა კვარამ მატჩის შემდეგ
საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთთან, პენალტების სერიაში მოგებულ შეხვედრაზე (0:0, 4:2) ისაუბრა. „კვარამ“ „დინამო არენაზე“ შეკრებილ გულშემატკივრებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საბერძნეთის ეროვნულმა გუნდმა 60 000 ადამიანის წინააღმდეგ ითამაშა.
„კარგი მატჩი იყო, დაცვაში მაგრად ვითამაშეთ. ჩვენი დღე იყო და გავიმარჯვეთ. საბერძნეთის ღირსებას ბევრი ტოპ ფეხბურთელი იცავს და ალბათ, მომდევნო შანსს გამოიყენებენ, რადგან კარგი გუნდი ჰყავთ და მათ წარმატებას ვუსურვებ. კარგად ვითამაშეთ და დაე, ბერძნებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური შემდეგ ჯერზე მოიპოვონ.
ისტორია დავწერეთ, რაც მარტივი არ ყოფილა, რადგან მეტოქედ ძლიერი გუნდი გვყავდა. მინდა, მადლობა ვუთხრა ადამიანებს, რომლებიც ყველა მომენტში, ჩვენ გვერდით იყვნენ. ფანტასტიკური დღე იყო, სხვას ვერაფერს ვიტყვი. მატჩის დაწყებამდე, ბიჭებს ვუთხარი, რომ 60 000 ადამიანი ვიყავით თერთმეტის წინააღმდეგ. ეს თქვენც ნახეთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ქომაგებს, რომლებიც მთელი 120 წუთის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ. მიზანს მივაღწიეთ და ახალ ეტაპზე გადავედით. ყველა ფეხბურთელი გმირია. არა მხოლოდ იმის გამო, რაც დღეს გააკეთეს. იმის გამოც, რასაც ბოლო ორი წელია აკეთებენ“.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. ჩვენი ეროვნული გუნდი F ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.