კვარა ფოდენზე, დემბელეზე და სანეზე წინ | Opta-ს სტატისტიკა შემტევებზე
ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და დაასახელა შემტევები, რომლებიც ბურთით მინიმუმ 5-მეტრიანი წინსვლის შემდეგ (Opta-ს სტატისტიკა, იგივე ball carry), ყველაზე მეტ მომენტს ქმნიან. საუკეთესოთა შორის „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და მას გასულ სეზონზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.
Opta-ს მიხედვით, „კვარას“ 5-მეტრიან წინსვლას 61 დარტყმა და 6 გოლი მოჰყვა. 61 დარტყმა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია და ხვიჩა ფილ ფოდენს (53), ლეროი სანეს (48), უსმან დემბელეს (48), ჟერემი დოკუს (47), ალეხანდრო გარნაჩოს (47), როდრიგოს (45), ედენ ჟეგროვას (45), ნიკოლო კამბიაგისა (45) და ჩავი სიმონსს უსწრებს (44).
61 დარტყმიდან, კვარაცხელიამ 41-ჯერ თავად დაარტყა, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. გასულ სეზონში, ხვიჩას წინსვლის შემდეგ 55 დარტყმა განხორციელდა. საინტერესოა, რომ „კვარას“ მინიმუმ 5-მეტრიანი წინსვლის შემდეგ, „ნაპოლის“ 20 სახიფათო მომენტი შეექმნა და ქართველმა ფეხბურთელმა 2 ასისტი მიითვალა.
ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიას მონაწილეობა 27 შეხვედრაში აქვს მიღებული და მოედანზე 2179 წუთი გაუტარებია. „კვარას“ ანგარიშზე 10 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა და იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 7-ჯერ დასახელდა.