ოთარ კაკაბაძე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

კაკაბაძე: გაცნობიერებული გვაქვს, რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყნისთვის

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს „დინამო არენაზე'' დაუპირისპირდება. ვილი სანიოლთან ერთად პრესკონფერენციაზე ოთარ კაკაბაძე გამოცხადდა.

ოთარ კაკაბაძე:

მოუთმენლად ველოდებით ხვალინდელ თამაშს. გუნდში ყველას გაცნობიერებული აქვს, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ მთელი ქვეყნისთვის. განწყობა ამაღლებულია, ყველა მოტივირებული ვართ.

ვამაყობ ნაკრებში თამაშით, იმ გუნდში თამაშით, რომლებსაც ქართველებისთვის დიდი სიხარულის მინიჭება შეუძლია. ჩვენს ნაკრებს ბევრჯერ დაუმტკიცებია, რომ მნიშვნელოვანი თამაშების მოგება შეგვიძლია. იმ თამაშში რაღაც დაგვაკლდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გვაქვს, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ იგივე მხარდაჭერას მივიღებთ. ვინც არ უნდა მოვიდეს და რამდენიც არ უნდა მოვიდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შეგვიძლია საბოლოო მიზნამდე მისვლა.

მაკედონიასთან ფინალში გულშემატკივარი და კვარა არ გვყავდა. ყველამ იცის, ორივე რამხელა ძალაა და ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. დიდი ხანია ნაკრებში ვთამაშობ და ეს შემადგენლობა, რაც დღესაა, ერთ-ერთი საუკეთესოა.

ძალიან ემოციური დღეები გამოვიდა და ამ ემოციების გამოყენება შეიძლება როგორც დადებითად, ისე უარყოფითად. ზოგადად, რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი დადებითად მოქმედებს.

ქომაგებს მადლობას გადავუხდი, რადგან ლუქსემბურგთან საოცარი ატმოსფერო შექმნეს. ვერაფერს ვთხოვ, რადგან დარწმუნებული ვარ, ფინალზე ამაზე უკეთეს ატმოსფეროს შექმნიან.

შეგახსენებთ, ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი საკუთარ მოედანზე ყაზახეთს 5:0 მოუგო. წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები