მსაჯმა კინაღამ დაგვღუპა - ბურდულმა ლუქსემბურგთან მატჩზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლადო ბურდულმა „ტაიმაუტში'' საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე ლუქსემბურგელთა მცველის, მაქსიმ შანოს გაძევების ეპიზოდზე ისაუბრა. მისი აზრით, მსაჯი მომენტს კარგად ხედავდა და გადაწყვეტილება თავად უნდა მიეღო, VAR-ის საქმეში ჩართვის გარეშე.
ლადო ბურდული: „საუბარი იყო, რომ მსაჯი „მოგვიდგა’’, შესაძლოა მხარე ვარ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ამ მსაჯმა კინაღამ დაგვღუპა, ეს VAR-ის განსახილველი ეპიზოდი არ იყო, მთავარ მსაჯს პირდაპირ წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა, ეპიზოდს ძალიან კარგად ხედავდა, მიქაუტაძესა და მცველებს შორის ორთაბრძოლა იყო, ამ ორთაბრძოლაში ბურთი დაგვრჩა, მიქაუტაძე მათზე წინ აღმოჩნდა, მეკარესთან პირისპირ იყო და შემდეგ მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა. პენალტი არ იყო, აქ ამაზე საუბარი არაა, მაგრამ შემდეგ ეს ეპიზოდი ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელმა „დაიხვია’’, ლუქსემბურგულმა მედიამ „დაიხვია’’, ამიტომ ეს არის მსაჯის დიდი შეცდომა. მთავარ მსაჯს თავიდანვე უნდა დაესტვინა და გადაწყვეტილება თავად მიეღო. აჟიოტაჟი მსაჯის გადაწყვეტილებამ განაპირობა, ეპიზოდს კარგად ხედავდა და VAR-ის ჩართვა საჭირო არ იყო’’.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე'' ლუქსემბურგელს 2:0 მოუგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი 26 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.