ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

სანიოლი: ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს „დინამო არენაზე'' დაუპირისპირდება. ვილი სანიოლი მატჩისწინა პრესკონფერენციას საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე მართავს, რომელსაც ცოცხალ რეჟიმში გთავაზობთ.

ვილი სანიოლი:

თამაშამდე 5 დღე გვქონდა, სადაც მეტი დრო მოგვეცა აღდგენისთვის. ახლა 4 დღის შემდეგ ყველა, 26-ვე მოთამაშე მზადაა და მონდომებულია. 1 ვარჯიში დაგვრჩა, სადაც ბოლო მოსამზადებელ ეტაპს გავივლით. ვეცდებით ამჯერადაც ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. მოწინააღმდეგის შესახებ საუბარი არ მიყვარს. მიმაჩნია, რომ საკუთარ თამაშზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

როგორც კი გავიგეთ, რომ პოტენციური მეტოქე საბერძნეთი იქნებოდა, მაშინვე მივხვდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა საკმაოდ ბევრ ასპექტში. მათ კარგი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც კარგ გუნდებში თამაშობენ და მეორე მიზეზი ისაა, რომ ფინალია, სადაც გამარჯვება როგორც ჩვენ, ისე მოწინააღმდეგესაც უნდა. გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გულისხმობს, რომ უფრო ძლიერი ხარ, მთავარია რას გააკეთებ მოედანზე. ოცნება მოგებაში ვერ დაგეხმარება. სწორი მუშაობა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საბოლოო მიზნამდე მივიდეთ. ოცნება ყველას შეუძლია, ჩემს შვილებს, მშობლებს და ა.შ. მაგრამ ყველა ფეხბურთს ვერ ითამაშებს. მინდა მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს ეს განვლილი გზა და როგორც მოვიდნენ აქამდე, ახლა ყველაფრისთვის მზად არიან.

რაც შეეხება დამატებით დროს, ლუქსემბურგთან როდესაც 60 წუთი იყო გასული და 2:0 ვიგებდით, ერთით მეტი კაცით ვიყავით და შეიძლება ცოტა მოვდუნდით კიდეც. დარწმუნებული ვარ ჩემს მოთამაშეებში და თუ მოგვიწევს 120 წუთით თამაში, ისინი ამისთვის 100%-ით მზად იქნებიან.

აღდგენითი პროცესი კარგად წარიმართა, რადგან უფრო მეტი დრო გვქონდა. ყველა მოთამაშე მზადაა 120 წუთის სათამაშოდ. ჩაკვემ და ქოჩორამ ინდივიდუალურად ივარჯიშეს, თუმცა ეს ინდივიდუალური პროგრამა იყო, რადგან სხეული მაქსიმალურად მოემზადებინათ დატვირთვისთვის. პენალტებისთვის მზად ვართ, ვიცით რომ ეს სცენარი შესაძლებელია, ამიტომ ამისთვისაც ვემზადებით.

ყველა მოთამაშე მზადაა და მოგვიწევს, რომ 3 განაცხადს მიღმა დავტოვოთ, თუმცა, სასტარტოსთვის ყველა მზადაა. ვინ იქნება სასტარტოში, ამას ხვალ გავიგებთ. თამაში ყველას უნდა და ეს გასაგებია, რადგან ისინი პროფესიონალები არიან. არავინ წუწუნებს და ყველა მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს. მთავარია გუნდურად მივაღწიოთ წარმატებას.

რაც შეეხება ჩემს მიმართვას, რა თქმა უნდა, ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ ძალიან ბედნიერი ვიყავი. როდესაც ხედავ, რომ შენი გუნდი და სტაფი კარგად ასრულებს იმ გეგმას, რომელიც ერთად დავისახეთ. ეს სიტყვები ბუნებრივი იყო, ადამიანები ვართ და ყველას გვინდა საკუთარი თავით და კარგი საქციელით ვიამაყოთ. რაც ვუთხარი, ეს ჩემი საქმე იყო. უნდა მეთქვა, რომ ყველაფერი კარგად შეასრულეს. ცხადია, რომ გეგმა ხვალისთვისაც გვაქვს. რომ არსებობდეს რეცეპტი, რომ ყველა თამაშს მოვიგებდით, მწვრთნელი არ ვიქნებოდი. დავაარსებდი კომპანიას და გავყიდიდი, რითაც მილიონებს ვიშოვნიდი.

ფსიქოლოგი არ დაგვჭირვებია და არც მე მაქვს ფსიქოლოგის დიპლომი. თუ ვიგრძნობდი, რომ ფეხბურთლებს წნეხი ჰქონდათ, ხელმძღვანელობას დაველაპარაკებოდი და დამატებით დახმარებას ვთხოვდი. ფეხბურთელები ემოციებს აკონტროლებენ, წლებია ერთმანეთს ვიცნობთ და ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ გუნდურად.

როდესაც პოზიტიურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, რთულია ყველაფერი ერთი თამაშით შევაფასოთ. ამას უფრო ფართო და დიდი სპექტრით უნდა შევხედოთ. 2020 წელს საქართველო D ლიგაში იყო, ახლა კი B ლიგაშია, როგორც ინგლისი, მაგრამ არ ვამბობ, რომ მათსავით ძლიერი გუნდი ვარ, თუმცა, პროგრესი აშკარაა. უნდა აღინიშნოს ვაისის ღვაწლიც, რომელმაც ბევრი კარგი საქმე გააკეთა ნაკრების განვითარებისთვის, ისევე როგორ ფედერაციამ. ხვალინდელი მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება ყველა ასპექტში.

შეგახსენებთ, ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი საკუთარ მოედანზე ყაზახეთს 5:0 მოუგო. წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები