„უნდა მოვიგოთ, რადგან ქართველებზე მაღლა ვდგავართ“ - რას ამბობენ საბერძნეთში ფინალზე
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალს საქართველოს მსგავსად საბერძნეთშიც დიდი იმედებით ელიან. ბერძნულ მედიაში მოახლოებული შეხვედრის შესახებ ბევრი იწერება და ყველა იმედოვნებს, რომ მათი ნაკრები ევრო 2024-ზე კვალიფიცირებას შეძლებს.
გეორგიოს კოლოკოტრონისი საბერძნეთში ცნობილი ჟურნალისტი და პუბლიცისტია, რომელიც ვებგვერდ filathlos.gr-ზე საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების დაპირისპირებაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ 26 მარტს გასამართი მატჩი მისი ქვეყნისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.
რა წერია სტატიაში:
უეფას მიერ დამტკიცებული ერთა ლიგა ჩვენი ნაკრებისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ამის წყალობით, საბერძნეთმა კვლავ შეძლო ფეხზე წამოდგომა და ახლა, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ამიტომ, სამშაბათს თბილისში გასამართი მატჩი ჩვენი ნაკრებისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება.
ისტორიის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, ბოლოს კი 2014 წელს, ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშეთ. ჩვენ კვლავ შეგვიძლია დიდ ტურნირზე მოხვედრა, რადგან ისტორიით ქართველებზე მაღლა ვდგავართ. გერმანიაში წასვლის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, ამისთვის კი შესაბამისი მენტალობა უნდა გამოვავლინოთ. ისეთი, როგორიც ყაზახეთთან ვაჩვენეთ.
ცხადია, „ნაპოლის“ ცნობილი ვარსკვლავის, კვარაცხელიას გუნდთან მარტივი მატჩი არ იქნება. საქართველო საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ითამაშებს და 33-წლიან ისტორიაში უკვე მეორედ ექნება ისტორიის დაწერის შესაძლებლობა. 2021 წელს, მსგავსი მნიშვნელობის მატჩში ჩრდ. მაკედონიასთან დამარცხდნენ, რის გამოც, სამშაბათს რაც შეუძლიათ და რაც არ შეუძლიათ, ყველაფერს გასცემენ.
ჩვენი მეტოქე მძიმე გუნდია, რომელიც დაცვის ხაზში სამი ცენტრალური მცველით თამაშობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ისინი საკუთარ კედლებში დაუმარცხებლები იყვნენ, ეს სერია კი ესპანეთთან მძიმე მარცხით დასრულდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში მათ 16 გოლი გაიტანეს და 10 გაუშვეს (7 ესპანეთისგან).
„ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელების ყოფილი ასისტენტი, ვილი სანიოლი ხაზს უსვამს დაცვას, შეტევაში კი წარმატებულად თამაშს ძირითადად კვარაცხელიასა და „მეცის“ შემტევის, გიორგი მიქაუტაძის დუეტით ცდილობს.
მოსალოდნელია, რომ ჩვენს ნაკრებს ძალიან გაუჭირდება, სავარაუდოდ, აქცენტს ბურთის ფლობაზე გავაკეთებთ და ტემპის მსვლელობას გავაკონტროლებთ. დაცვაში დიდი სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით კვარაცხელიას წინააღმდეგ. ამ თამაშს ყაზახეთთან საერთო არაფერი ექნება და ჩვენგან ყველაზე ლოგიკური მოთმინება იქნება. საბერძნეთი უმაღლესი გუნდია, უფრო ხარისხიანი და აშკარად მეტად გამოცდილი.
შეგახსენებთ, რომ 2004 წელს საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. მას შემდეგ, ჩვენმა მეტოქემ ევროპის ჩემპიონატზე 2008 და 2012 წლებშიც ითამაშა, თუმცა, 2016 და 2020 წლებში ტურნირზე კვალიფიცირება ვერ მოახერხეს.
21 მარტს, საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრები საკუთარ კედლებში 5:0 დაამარცხა, საქართველომ კი ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. ფინალური შეხვედრა 26 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება, გამარჯვებული კი ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს.