რა უნდა ვიცოდეთ 26 მარტის შესახებ
სამშაბათს, 26 მარტს, საქართველოს ნაკრები ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. ქართველი ფეხბურთელების მეტოქე „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ეროვნული გუნდი იქნება და მისი დამარცხების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირველად მოვიპოვებთ.
ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 26 მარტს ოთხი თამაში აქვს გამართული, აქედან სამი წაგებული და ერთი მოგებული. თუმცა, ეს ერთი მოგება იმდენად საოცარი ემოციის მომტანი იყო, რომ ქართველ გულშემატკივარს არასოდეს დაავიწყდება. საუბარია 2011 წლის 26 მარტს გამართულ საქართველო-ხორვატიის შეხვედრაზე, რომელიც თემურ ქეცბაიას მომზადებულმა მასპინძლებმა ლევან კობიაშვილის მიერ 90-ე წუთზე გატანილი ბურთით 1-0 მოიგეს.
პირველი თამაში 26 მარტს კი ქართველმა ფეხბურთელებმა 2005 წელს სწორედ ბერძნებთან ითამაშეს და თბილისში 1-3 დამარცხდნენ. სტუმართა კარში ერთადერთი ბურთი მალხაზ ასათიანის ანგარიშზეა. ამ მატჩიდან ზუსტად სამ წელიწადში საქართველოს ეროვნული გუნდი ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ ჩრდილოეთ ირლანდიელებთან 1-4 დამარცხდა და ერთადერთი ბურთი მასპინძლების კარში ქართველებმა დევიდ ჰილის ავტოგოლის შედეგად გაიტანეს. 26 მარტით სულ ბოლო მატჩი ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდის მონაწილეობით კი 2019 წელს თარიღდება, როდესაც დუბლინში ირლანდიის ნაკრებმა 1-0 ჰურიჰეინის ბურთით მოგვიგო.