ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც საბერძნეთის ჩემპიონატში კვალი დატოვეს
ისევე როგორც ქართველები, ბერძნებიც უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის ფინალსა და საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირებას მოუთმენლად ელიან. სწორედ ამ მატჩის ჭრილში გამოქვეყნდა ერთ-ერთ ბერძნულ ვებ-გვერდზე სტატია იმ ქართველ ფეხბურთელებზე, რომლებმაც საბერძნეთის ჩემპიონატში თავისი კვალი დატოვეს
თემურ ქეცბაია (აეკი)
ქართველი ნახევარმცველი „აეკში“ „ანორთოსისიდან“ მივიდა და მართალია თავიდან ტრავმა მიიღო, რის გამო სადებიუტო სეზონის ძირითადი ნაწილის გამოტოვება მოუხდა. თუმცა, მომდევნო სეზონებში საკვანძო ფიგურად იქცა და გუნდთან ერთად ორჯერ თასი, ერთხელ კი სუპერთასი მოიგო. 1997 წელს ქეცბაიამ ათენის გუნდი დატოვა და კარიერა „ნიუკასლში“ განაგრძო. ზუსტად 19 წლის შემდეგ, ის „აეკში“ უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნდა, თუმცა ძალიან მალე დედაქალაქის გუნდიდან წავიდა.
გიორგი ლორია (ოფი, ოლიმპიაკოსი)
2014 წელს, როდესაც ოფი ახალ მეკარეს ეძებდა, მათ თბილისის „დინამოში“ გიორგი ლორიას ვარიანტს მიაგნეს და ქართველი მეკარე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. თუმცა, სამწუხაროდ ამავე წელს ვალების გამო, კრეტის კლუბი ქვედა ლიგაში დააქვეითეს და ლორია „ოლიმპიაკოსში“ გაუშვეს, თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარე „კრილია სოვეტოვში“ ისე გადავიდა, რომ პირეოსის გუნდში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.
ლევან ქებაძე (ჰერაკლესი, იანინა)
2000 წელს ქართველი თავდამსხმელი „ჰერაკლესში“ თბილისის „ლოკომოტივიდან“ გადავიდა და სალონიკის კლუბში ჯამში ჩატარებულ 39 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. შემდეგ კარიერა „იანინაში“ განაგრძო, სადაც 29 მატჩში მხოლოდ 3 ბურთი გაიტანა.
გიორგი შაშიაშვილი (ერგოტელისი)
„ერგოტელისმა“ ქართველი მცველი გრაცის „შტურმიდან“ 2009 წელს 800 ათასი ევროს სანაცვლოდ დაიმატა და კრეტის გუნდში სამი სეზონის განმავლობაში 78 მატჩი ჩაატარა. შაშიაშვილმა „ერგოტელისი“ მას შემდეგ დატოვა, რაც ეს გუნდი ქვედა ლიგაში დაქვეითდა.
ლევან შენგელია (პანეტოლიკოსი)
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „პანეტოლიკოსმა“ გასულ სეზონში ბელგიის „ლეუვენიდან“ შეიძინა და მას შემდეგ ბერძნულ კლუბში გამართულ 56 შეხვედრაში მის ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
ლევან მაღრაძე (ქსანთი)
ლიმასოლის „აელიდან“ დამატებული ქართველი მარჯვენა მცველი „ქსანთის“ ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი იყო და 2004-2007 წლებში გამართულ 98 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, ერთხელ კი თანაგუნდელს საგოლე პასი მიაწოდა.
ბაჩანა არაბული (პანიონიოსი, ლამია)
2019 წელს „პანიონიოსის“ რიგები არაბულმა შეავსო და მართალია ნეა სმირნის გუნდი ამავე წელს ქვედა ლიგაში დაქვეითდა, მაგრამ ამაში ქართველ ფორვარდს ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვოდა და 30 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ მან საბერძნეთის კიდევ ერთ გუნდ „ლამიაში“ განაგრძო კარიერა და 50 შეხვედრაში 8 გოლი იყო მის ანგარიშზე. 2020-2021 წლებში არაბულმა „არისის“ კარში იმდენად ზღაპრული სილამაზის გოლი გაიტანა, რომ ბერძენ ქომაგებს თავი საბოლოოდ დაამახსოვრა.