ავთანდილ ჭრიკიშვილი დიდი სპორტიდან გააცილეს
ძიუდოში, ევროპის სამგზის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი დიდი სპორტიდან გააცილეს, ცერემონია „თბილისი არენაზე’’ თბილისის გრანდ სლემის წინასწარი შეხვედრების დასრულების შემდეგ გაიმართა. ჭრიკიშვილი სიტყვით გამოვიდა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა ქომაგებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მადლობა გადაუხადა. ასევე აღნიშნა, რომ მისთვის დასანანია, რომ მისი კარიერა კიდევ უფრო მეტად წარმატებული არ გამოვიდა.
შეგახსენებთ, ავთანდილ ჭრიკიშვილმა 81 კგ. წონით კატეგორიაში 2013 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, შემდეგ წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, მის აქტივში 3 ოქროსა (2013, 2014, 2015) და 1 ვერცხლის მედალია (2016).
2013 და 2014 წლებში ჭრიკიშვილი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.