არბიტრს ტიკტოკერი უწოდა და გააძევეს
კალათბურთელის გაძევებაში ერთი შეხედვით უცნაური არაფერია, თუმცა კრის პოლის შემთხვევაში, ეს ცოტა უცნაურ ვითარებაში მოხდა. „გოლდენ სტეიტის“ 38 წლის მოთამაშეს მსაჯმა პარკეტი „ინდიანასთან“ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე დაატოვებინა.
როგორც თამაშის დამთავრების შემდეგ პოლმა განაცხადა, პირველი ტექნიკური ჯარიმა მან იმის გამო მიიღო, რომ არბიტრის ტიკტოკერი უწოდა, მეორე კი მაშინ, როდესაც რეფერისა და მის თანაშემწეებს საჯაროდ დაუყვირა, რომ ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ.
„უორიორსი“ „პეისერსთან“ 12-ქულიანი სხვაობით, 111-123 დამარცხდა, პოლმა კი 25 წუთში 12 ქულის, 6 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება მოასწრო. რამდენად დიდ დისციპლინარულ სასჯელს მიიღებს ვეტერანი კალათბურთელი არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.