ილიას ზუროსი, გეორგიოს ლიმნიატისი
Aa
Aa

„ქომაგები ჯოჯოხეთს მოგვიწყობენ“ | ზუროსის ექს-ასისტენტი საქართველოსთან მატჩზე

გეორგიოს ლიმნიატისი ბერძენი მწვრთნელია, რომელიც საქართველოს ნაკრებში ილიას ზუროსთან ერთად მუშაობდა და მისი ასისტენტი იყო. ლიმნიატისმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „დინამო არენაზე“ შეკრებილი ქომაგები ბერძნებს ჯოჯოხეთურ ატმოსფეროს დაახვედრებენ.

„ჯოჯოხეთი გველოდება. ტრიბუნებზე ძალიან მაღალი ტემპერატურა იქნება და ჩვენი ფეხბურთელები ამისთვის მზად უნდა იყვნენ. საქართველოში ყოფნისას, რაგბის ნაკრების მატჩებს დავესწარი და სტადიონზე შთამბეჭდავი ატმოსფერო იყო. რაგბი მათ ტემპერამენტს იდეალურად შეეფერება, რადგან დინამიკური სპორტია, უამრავი კონტაქტით.

საქართველოს ნაკრების თამაშებისას საოცარი ატმოსფეროა, მაგრამ ქართველები ზიანს არავის აყენებენ. როცა საბერძნეთმა დაგვამარცხა, ბერძენმა ქომაგებმა გამარჯვება ქართველებს შორის აღნიშნეს და მათთვის არავის არაფერი უთქვამს. საქართველოში საბერძნეთი და ბერძნები რელიგიის გამო, ძალიან უყვართ, რადგან ჩვენ მსგავსად, ისინიც მართლმადიდებლები არიან. ამასთან, თბილისში ბევრი ბერძენი ცხოვრობს და მუშაობს.

ქართველებს თავიანთი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ და სჯერათ, რომ ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ. როცა 3x3 კალათბურთში გუნდი შექმნეს, გვითხრეს, რომ აშშ-ს დამარცხებას აპირებდნენ, ევრობასკეტზე გასვლის შემდეგ კი, მედალზე ფიქრობდნენ. ქართველები ასეთები არიან და თვლიან, რომ ყოველთვის მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეუძლიათ. მათ დიდ ტურნირზე მოხვედრის შანსი პირველად აქვთ და როგორც მოედანზე, ისე მთელ ქვეყანაში, სიგიჟე დატრიალდება.

მახსოვს, ერთხელ იტალიას ვხვდებოდით და იმ მატჩზე ვირუსის გამო ვერ წავედი. როცა თამაშის დაწყების დრო მოვიდა, ქალაქი დაცარიელდა და ყველა ტელევიზორთან ან სტადიონზე იყო. სამშაბათსაც იგივე მოხდება და მიზნებისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან. სპორტსმენებს რომ გაესაუბროთ, გეტყვიან, რომ ეროვნული გუნდისთვის სიკვდილზეც წავლენ. ძალიან დაძაბულ და მძიმე შეხვედრას ველოდები და იმედია, მისი დასრულების შემდეგ, ბედნიერი ვიქნებით.

საქართველოს საკუთარი მარადონაც ჰყავს და ქართველები თავიანთ სუპერვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას აღმერთებენ. ისინი ეროვნულ გუნდებს მაგრად ქომაგობენ და ნაკრებებში უცხოელი სპეციალისტების დანიშვნის პრობლემაც არ აქვთ. მათ ფეხბურთი სიგიჟემდე უყვართ და ეს თამაში მათთვის ცხოვრების მატჩია“.

ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთია, ნახევარფინალში ბერძნებმა შინ ყაზახეთი 5:0 გაანადგურეს. საქართველო-საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, „დინამო არენაზე'' გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა ფასად დათმობს ნაპოლი კვარას?  დე ლაურენტისმა ქართველი შეაფასა
რა ფასად დათმობს ნაპოლი კვარას? დე ლაურენტისმა ქართველი შეაფასა