საბერძნეთთან ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთები 23 მარტიდან გაიყიდება
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ლუქსემბურგს 2:0 მოუგო და ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
ფინალში, რომელიც 26 მარტს „დინამო არენაზე“ შედგება, ვილი სანიოლის გუნდი საბერძნეთს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ყაზახეთს 5:0 მოუგეს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 23 მარტს 12:00 საათიდან დაიწყება.
ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).
საქართველო - საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს“.
- წერს nakrebi.ge.