„ჯერ სკანდალური, შემდეგ კი საკამათო გადაწყვეტილება“ | ლუქსემბურგული პრესა ნაკრების მარცხზე
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდა. ვილი სანიოლის გუნდმა ფინალის საგზური მოიპოვა, „წითელი ლომი“ 2:0 დაამარცხა და ლუქსემბურგულმა პრესამ წაგებას „დამსხვრეული ოცნება“ უწოდა.
RTL: „ლუქსემბურგის ნაკრები ნახევარფინალში საქართველოს დაუპირისპირდა. წითელმა ლომმა 0:2 წააგო და ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა, თუმცა, ვიდეორეფერიმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“.
L'essentiel: „სამწუხაროდ, ლუქსემბურგის ოცნება საქართველოში დაიმსხვრა. თბილისში ქართველებთან დამარცხებული წითელი ლომი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ვერ ითამაშებს. სამწუხარო დასასრული და თავგადასავალი, რომლის შემდეგაც, ლუქსემბურგი უკეთესი გუნდი გახდა“.
Luxemburger Wort: „ლუქსემბურგის ოცნება, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს, საქართველოში დაიმსხვრა. თბილისის გიგანტური ტრიბუნების წინ, წითელმა ლომმა მარცხი იწვნია. დაძაბული წუთები და ვიდეორეფერის მიერ გადაწყვეტილი მატჩი. ლუქსემბურგელთა თავგადასავალი ნაადრევად დასრულდა, მაგრამ ფეხბურთელებს შეუძლიათ, იამაყონ“.
Virgule: „მსაჯის ჯერ სკანდალური, შემდეგ კი საკამათო გადაწყვეტილება და წითელმა ლომმა თბილისში ფარ-ხმალი დაყარა. ოთარ კაკაბაძე გასაძევებელი იყო, როდრიგესის გოლის გაუქმება კი საკამათო გახლდათ“.
Le Quotidien: „სლოვაკეთთან გამართული მატჩიდან 5 თვის შემდეგ, ვიდეორეფერიმ ლუქსემბურგის ნაკრებს სერიოზული ზიანი კიდევ ერთხელ მიაყენა. წითელი ლომი ევრო 2024-ზე ვერ ითამაშებს. ოცნებამ ჩაიარა. ქართველები უფრო მშიერები იყვნენ. 53-ე წუთზე, ჟერსონ როდრიგესმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მსაჯმა, რომელმაც სლოვაკეთთან პენალტი გაგვიუქმა, მომენტი გადაამოწმა და მანამდე, მიქაუტაძეზე აღებული ჯარიმის გამო, მაქსიმ შანო გააძევა, გოლი კი გააუქმა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მხრიდან ბუდუ ზივზივაძე გამოირჩა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. „ჯვაროსნები“ ფინალში საბერძნეთს შეხვდებიან.
ფოტო: nakrebi.ge