ლუქსემბურგის ფეხბურთელთა ნაკრები, ლუკ ჰოლცი
Aa
Aa

მსაჯის არ მესმის, მიქაუტაძე თამაშის წესს არღვევდა - ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი

ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით 10-კაციანი ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატჩის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა მედიასთან ისაუბრა.

ლუკ ჰოლცი: „საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ, მეტოქის გამარჯვება განსაკუთრებით პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე დამსახურებული იყო.

სრულიად არ მესმის მსაჯმა რის საფუძველზე იმოქმედა, რადგან თავიდან თამაშის წესს გიორგი მიქაუტაძე არღვევდა, გოლიც გავიტანეთ და მსაჯმა წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. ამ მომენტმა თამაში გადაწყვიტა. ეს მეორე შემთხვევაა, როცა ეს მსაჯი ჩვენი ნაკრების თამაშზე მუშაობს და მისი გადაწყვეტილება თამაშზე კატასტროფულად მოქმედებს.

VAR-ის მოქმედება გადამწყვეტი აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ ვიდეოჩანაწერზე ვნახე, რომ თავიდან თამაშის წესს მიქაუტაძე არღვევდა. ვფიქრობ, ჩვენმა მცველმა წითელი ბარათიც უსამართლოდ მიიღო.

ქომაგობა განსაკუთრებული იყო, მათ გამარჯვებას ვულოცავ. განსაკუთრებით პირველ ტაიმში იგრძნობოდა, რომ ქომაგთა ფაქტორი ჩვენს მოთამაშეებს წნეხში აქცევდა. მეორე ტაიმში გადამწყვეტ მომენტამდე კარგად გამოვიყურებოდით და კარგად თამაში რიცხვობრივ უმცირესობაშიც გავაგრძელეთ, თუმცა გაძევებამ თამაში გადაწყვიტა.

ჩვენთვის ასეთი მატჩი უნიკალურია. ვეცდებით მომავალშიც მოგვეცეს ასეთი შანსი''.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ფინალში საბერძნეთს ან ყაზახეთს შეხვდება. ფინალური დაპირისპირების მეორე მონაწილის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. დღეს, თბილისის დროით, 23:45-ზე, საბერძნეთი ყაზახეთს საკუთარ კედლებში მიიღებს. 

საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ერთი მატჩი აშორებს, თუ ვილი სანიოლის გუნდი საბერძნეთი-ყაზახეთს შორის მოგებულს დაამარცხებს, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები