სანიოლი: ფინალში კვარა ბრუნდება და იმედი მაქვს იმას გააკეთებს რაც შეუძლია
ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ პრესკონფერენცია გამართა.
ვილი სანიოლი: „გარკვეული სირთულეებისა და ემოციების მიუხედავად პირველ ტაიმს ვაკონტროლებდით. 1 საათი კარგად ვითამაშეთ, თუმცა შემდეგ ჩვენს თამაშს ორგანიზებულობა აკლდა. უნდა გავაანალიზოთ ამ მატჩის მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი უნდა ვიყოთ. რაც შეეხება გაძევების მომენტს, ვფიქრობ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ბოლო 30 წუთით კმაყოფილი არ ვიყავი. საბედნიეროდ, ამისთვის არ დავისაჯეთ. საბერძნეთთან მატჩისთვის თამაშის გაუმჯობესება მოგვიწევს. ვინც არ უნდა მოიგოს ნახევარფინალი, ფინალში თამაშისთვის თავდაჯერებით ჩამოვა.
მე ვის ვისურვებდი ფინალში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფინალში ორივე გუნდი რთული მეტოქე იქნება.
ფინალში ხვიჩა დაბრუნდება. იმედი მაქვს, იმას გააკეთებს, რაც შეუძლია. გამომდინარე იქიდან, რომ ხვიჩა ბრუნდება, შესაძლოა სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით რთული გადაწყვეტილებები მივიღო.
საბა საზონოვი ძალიან მომწონს. მოგეხსენებათ, თავის გუნდში არ თამაშობს. ასეთი დონის მატჩისთვის ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც კლუბში მეტს თამაშობენ. საბას ვესაუბრე და ავუხსენი, თუ იტალიაში მეტს ითამაშებს, მისი სათამაშო დრო ნაკრებშიც გაიზრდება. ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა.
ვნახოთ, როგორ მოახერხებენ ფეხბურთელები ძალების აღდგენას, შემდეგ კი რთული გადაწყვეტილებების მიღება მომიწევს, ბუდუმ დუბლი შეასრულა, მიქაუტაძემ კი კარგად ითამაშა, მისითაც კმაყოფილი ვარ, მაგრამ კვარა ბრუნდება და რთული გადაწყვეტილებების მიღება მომიწევს''.
შეგახსენებთ, ფლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ან ყაზახეთს შეხვდება. ფინალური დაპირისპირების მეორე მონაწილის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. დღეს, თბილისის დროით, 23:45-ზე, საბერძნეთი ყაზახეთს საკუთარ კედლებში მიიღებს.
საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ერთი მატჩი აშორებს, თუ ვილი სანიოლის გუნდი საბერძნეთი-ყაზახეთს შორის მოგებულს დაამარცხებს, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.