„თოფურიას გამო ესპანელი ბიჭები იჩაგრებიან“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი
UFC-ის ყოფილმა ესპანელმა მებრძოლმა, ხუან ესპინომ SerEbro en los Deportes-თან ინტერვიუს დროს ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ მხარი ესპანელ მებრძოლებს უნდა დაუჭიროს.
რას ამბობს ესპინო:
სიმართლე გითხრათ, ილია თოფურიასთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს. მასში ფაბრიციო ვერდუმის მსგავს ამბავს ვხედავ, როდესაც ესპანეთის პასპორტი ჰქონდა და შემდეგ კი ბრაზილიაში წავიდა. მას დიდ ყურადღებას აქცევდნენ და ხომ გახსოვთ რა მოხდა? რასაც თოფურია აკეთებს, ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ სირცხვილია, როდესაც ამის ფონზე სხვა მებრძოლებს ივიწყებენ.
თოფურია ნამდვილად შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ თუ ხვალ გადაწყვეტს, რომ ესპანეთის დროშა აღარ გამოფინოს და მხოლოდ საქართველო წარმოაჩინოს, ვერავინ გაამტყუნებს. მას აქვს იმის უფლება გააკეთოს ის, რაც მოესურვება. მაგრამ ჩვენ ისეთ მებრძოლებს ვივიწყებთ, როგორებიც არიან ჟოელ ალვარესი, ან დანიელ ბარესი (ორივე UFC-ის მებრძოლია). ისინი კარგი ბიჭები არიან, მაგრამ არ აქვთ ისეთი გავლენა, როგორიც თოფურიას. მათ უფრო დიდი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ, რადგან ესპანეთში დაბადებულები და გაზრდილები არიან.
ილია თოფურიამ 18 თებერვალს, UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო მატჩში ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
ქართველი მებრძოლი წლებია ოქტაგონზე როგორც საქართველოს, ისე ესპანეთის დროშით გამოდის. „მატადორი“ გერმანიაში დაიბადა, რის შემდეგაც რამდენიმე წლით საქართველოში, კერძოდ კი რუსთავში საცხოვრებლად გადმოვიდა, მოზარდობის ასაკში კი ესპანეთში, ალიკანტეში გადასახლდა, სადაც MMA-ში ვარჯიში დაიწყო.
თოფურია ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ესპანეთმა მისი, როგორც პროფესიონალი სპორტსმენის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამასთან, „მატადორი“ ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შემდეგ აქტიურად ცდილობს, რომ UFC-ის ღონისძიება ესპანეთში ჩაიტანოს და ამ ინიციატივას მწვანე შუქი ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დენა უაითმაც აუნთო.