მახაჩევი: ვოლკანოვსკის თოფურიასთან არ უნდა ეჩხუბა, მისი გუნდი შეცდა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი MMA Junkie-სთან საუბრისას ალექს ვოლკანოვსკის სამწვრთნელო შტაბს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ ილია თოფურიასთან ბრძოლა ნაადრევად ჩანიშნეს.
„რა თქმა უნდა, ასეა. ალექსი ოქტაგონზე ძალიან მალე დაბრუნდა. ვოლკანოვსკი კარგი მებრძოლია, ნამდვილი მეომარია, ეს ყველამ იცის. მას შეუძლია ყოველ დღე იბრძოლოს. მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მისმა გუნდმა ძალიან ცუდად იმოქმედა და თოფურიასთან ბრძოლა ნაადრევად ჩანიშნა. ეს ალექსის შეცდომა არ ყოფილა.
ეს იყო გუნდის შეცდომა, რადგან ასეთ დროს მთელი გუნდი უნდა დაჯდეს და მას უთხრას: „ამ ბრძოლის გამართვა ჯერ ძალიან ადრეა“.
მას ძალიან მძიმე ნოკაუტი ჰქონდა ბოლო ბრძოლაში. ასეთ დროს მინიმუმ 3-4 თვე უნდა დაისვენო, ვარჯიშის გარეშე. გარკვეული აღდგენა უნდა მოახდინო და დაელოდო. ალექსი მეომარია და უნდა დაბრუნდეს, თუმცა ცოტა მოცდა მოუწევს. თავის სხეულს უნდა მოუსმინოს და ჯანმრთელობას დრო დაუთმოს“.
- განაცხადა მახაჩევმა.
ვოლკანოვსკი ამჟამად ისვენებს, თუმცა თოფურიასთან მატჩრევანშის ჩასანიშნად აქტიურ კამპანიას აწარმოებს. ალექსი მზადაა წლის ბოლოს ესპანეთში ილიასთან საბრძოლველად წავიდეს.
თავის მხრივ, ილიას კონორ მაკგრეგორთან ბრძოლა სურს, თუმცა ამის შანსი ნაკლებია. ისევე როგორც შონ ომალისთან დაპირისპირების, რომელიც უდიდესი ალბათობით საჩემპიონო ქამრის დასაცავად მერაბ დვალიშვილს ეჩხუბება.