„50 ათასი ქომაგის წინაშე თამაში დამატებითი მოტივაცია იქნება“ - ლუქსემბურგელების პრესკონფერენცია
21 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე 1 დღით ადრე მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა და ფეხბურთელმა ივანდრო ბორხეს სანჩესმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს:
ლუკ ჰოლცი:
ვარჯიშზე ვნახავ, თუ როგორ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან ფეხბურთელები და ამის შემდეგ გადავწყვეტ, ვინ დაიწყებს თამაშს სასტარტო შემადგენლობაში. ძირითადი ბირთვი უკვე შერჩეული მყავს, მაგრამ მინდა გარკვეულ მოთამაშეებს დღესაც დავაკვირდე.
მოტივაცია წარმატებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება, მაგრამ სხვა ასპექტებიც იქნება გასათვალისწინებელი, რომელშიც სწორი ბალანსი უნდა ვიპოვოთ. გუნდში კარგი განწყობაა. ყველა მშვიდადაა და ხვალინდელ თამაშს თავდაჯერებით ხვდება.
50 ათასი გულშემატკივარისა და ასეთი წნეხის ქვეშ თამაში ბიჭებისთვის უფრო დიდი მოტივაცია იქნება, თან არ დაგვავიწყდეს, თუ რა მნიშვნელობის თამაშია.
რას ვეტყვი გუნდს? განსაკუთრებულს არაფერს. რაიმეს გამოგონების სურვილი არ მაქვს და დამატებითი მოტივაციაც არ არის საჭირო. მოტივაცია ისედაც მაღალია და ესეც საკმარისია.
მეც დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემს თაობასთან შედარებით, ლუქსემბურგელი ფეხბურთელები უფრო ნიჭიერები არიან და კარგად თამაშობენ.
როდესაც ლუქსემბურგის ნაკრები ჩავიბარე, არარეალური მიზანი ჩანდა. ამ დროის განმავლობაში, რასაც ლუქსემბურგის ნაკრებმა მიაღწია, საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.
პენალტებზე ვარჯიშს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. თამაშის დროს განსხვავებული სცენარია და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ ამ სცენარს დიდი დრო დავუთმო. თუმცა, თუ საქმე აქამდე მივა, ვიცი, უკვე ვისაც დავარტყმევინებ პირველ 5 პენალტს.
ჩვენი შემდეგი თამაშისთვის ბილეთები უკვე გაყიდულია. ყველა ფეხბურთელისთვის და მწვრთნელისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მაყურებლის სტადიონზე ყოფნას. მახსოვს, როდესაც ირლანდია დავამარცხეთ, მაყურებელი არ ყოფილა და ახლა პირიქითაა. ძალიან მიხარია, რომ მაყურებელი სტადიონს ავსებს. რაც შეეხება საქართველოს, მათ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიას გარეშეც ძლიერი გუნდი იქნება. ფეხბურთში ხდება ხოლმე, როდესაც ლიდერები გვაკლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის ეს დამატებითი მოტივაცია იქნება.
გოლი არა მაყურებელს, არამედ მოთამაშეებს გააქვთ. გასაგებია, რომ საქართველოს ნაკრებს ამ მხრივ უპირატესობა ექნება, მაგრამ ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. უკვე ვგრძნობთ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერას, იმის მიუხედავად, რომ მცირე ჯგუფით არიან ჩამოსული. საქართველოდან კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელს ვერ გამოვყოფ, რადგან სხვებისადმი უპატივცემულობა იქნება.
ხუმრობით ვიტყვი, რომ პორტუგალიასთან დიდი სხვაობით მარცხი ჩვენი გეგმა იყო, რადგან სხვებს ეფიქრათ, რომ სუსტი გუნდი გვყავს. სინამდვილეში კი ეს ფეხბურთია და ასეთი რაღაცები ხდება. ჩვენი გეგმა გვაქვს და ამ გეგმის განსახორციელებლად ყველაფერს გავაკეთებთ.
ივანდრო ბორხეს სანჩესი:
ამ თამაშის მნიშვნელობას ყველა აცნობიერებს. ეს მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თამაშია. ვცდილობთ, გარე-ფაქტორებს ყურადღება არ მივაქციოთ და მატჩისადმი მაქსიმალურად ვკონცენტრიდრეთ.
ბევრი მაყურებლის წინაშე თამაშს მიჩვეული ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ნერვიულობის ფაქტორი არ იქნება. ეს ასპექტი ჩვენი თამაშის სცენარზე გავლენას ვერ მოახდენს.
მიმაჩნია, რომ გუნდში ახალგაზრდა და გამოცდილ მოთამაშეებს შორის კარგი ბალანსია. ეს თითოეული ჩვენგანისთვის კარგი შანსია, რომ დიდ ტურნირზე ვიასპარეზოთ.
ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ პროფესიონალური ფეხბურთელი გავმხდარიყავი და სწორედ ასეთ თამაშებში მიმეღო მონაწილეობა. ამის გამო, ხვალინდელი დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.
როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად 100%-ით თამაშით მზად ვარ. მართალია, ბოლო პერიოდში მცირე რაოდენობით ვიყავი სასტარტოში, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა მოთამაშე ვარ და ბევრს ვსწავლობ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.