ოთარ კიტეიშვილი, ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„მოტივაცია არ გვაკლია, ვეცდებით წარმატებას მივაღწიოთ“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

21 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

რა თქვა ვილი სანიოლმა:

სულისკვეთება და მოტივაცია

„სული ყოველთვის მნიშვნელოვანია. შემართების გარეშე რთულია კარგი შედეგის მიღწევა. ფეხბურთელები რაც აქ არიან, მაქსიმალურ კონცენტრაციას იჩენენ, რომ ფოკუსირდნენ დავალებებზე. საქართველოს მაღალი ხარისხი აქვს. მათ ვესაუბრები, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. ერთ-ერთი დიდი ხარისხი, რომელიც გვაქვს, არის აზროვნება. მიგვაჩნია და აუცილებელია, რომ სულისკვეთებით ვითამაშოთ. ხარისხს დამატებული სულისკვეთება მოიტანს წარმატებულ შედეგს. მოტივაცია არ გვაკლია და ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ“.

შეკრების მოკლე დრო

„ზოგი მოთამაშე გუშინ ჩამოვიდა, გუშინწინ ღამით. მოკლე პერიოდია თამაშამდე და ახალი და განსაკუთრებულის მოფიქრება არ დაგვჭირვებია. ყველა მოთამაშემ იცის რუტინა და როგორ უნდა მოემზადოს თამაშისთვის. გავაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებდით და ექსპერიმენტების განხორციელებას არ ვაპირებთ“. 

ლუქსემბურგის ნაკრების შესახებ

„რა თქმა უნდა, ლუქსემბურგის ნაკრებზე ყველა ვიდეო ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო 12 თვის განმავლობაში. არ უნდა მოვდუნდეთ და შესაბამისად დავაფასოთ მეტოქე. მთავარია ვიცოდეთ, რომ საუკეთესოდ უნდა დავიხარჯოთ და ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატებას ვერ მივაღწევთ. დღეს და ხვალ კიდევ ერთი საუბარი მექნება, თუ როგორ უნდა გავაკონტროლოთ ბურთი, მაგრამ ზედმეტი დოზით ამის გაკეთება არ მინდა, რადგან შეიძლება ყველაფერი პირიქით მოხდეს“.

ჯაბა კანკავას შესახებ

„ჯაბასთან საუბარი გვქონდა. რატომ გადავწყვიტეთ გამოძახება? ის გუნდისთვის საჭირო ფიგურა იყო. მნიშვნელოვანი ფეხბურთელია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე გამოცდილი მოთამაშეებისთვის. იქნება თუ არა სასტარტოში? ერთადერთი, რაც შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, არის ის, რომ კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ იქნება. დანარჩენს ხვალ გავიგებთ“.

შემადგენლობა და გულშემატკივრები

„ჩემი გუნდით და მოთამაშეებით კმაყოფილი ვარ. ასეთი თამაშების წინ მნიშვნელოვანია, რომ ტრავმების არარსებობა. ეს კარგად მოხდა. ვხედავთ, მიქაუტაძე და ზივზივაძე როგორ ფორმაში არიან. ასევე, ქოჩორაშვილიც დაგვიბრუნდა. რაც შეეხება გულშემატკივრებს, იმედი მაქვს, რომ საერთო პერფორმანსით მიზანს ყველა ერთად მივაღწევთ“.

უმნიშვნელოვანესი თამაში კარიერაში და მისთვის მომზადება

„მეც მოთამაშეებივით ვარ და მონდომებული ვარ. თუ მოთამაშეებს ვეტყვი, რომ მოინდომონ და ივარჯიშონ, და მე ვიხტუნო, ეს სწორი არ იქნება. მწვრთნელები მთელი კარიერის განმავლობაში ვემზადებით ასეთი თამაშებისთვის და მონოტონურად, თამაშიდან თამაშამდე არ დავდივართ. მნიშნელოვანია, რომ ფოკუსირებული ვიყოთ ერთ მიზანზე. მოთამაშეებს ვეუბნები, რომ იფიქრონ გონებით და არა გულით“.

არის თუ არა საქართველო ფავორიტი

„უმეტეს შემთხვევაში გვისაუბრია, რომ აუტსაიდერი შეიძლება იყოს ხალხისთვის და მედიისთვის, მაგრამ ეს მწვრთნელებს არ ეხებათ. კარგად ვიცით, რომ თუ ბოლომდე არ დაიხარჯები, შეიძლება ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვალოს. ყოველთვის ვაქცევთ ყურადღებას გუნდურობას და მაქსიმალურ კონცენტრაციას“.

რა თქვა ოთარ კიტეიშვილმა:

„როდესაც განწყობაზე ვსაუბრობთ, ნაკრებში ერთმანეთის ნახვა ყველას ძალიან გვიხარია. ყველა მოუთმენლად ველოდებოდით ამ თამაშებს. ეს ყველა ფეხბურთელისთვის კარიერის ამ ეტაპზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაშია. შემართება ამაღლებულია და ნაკრებში ამის პრობლემა არასდროს იყო. ახლა, ამ ეტაპზე განწყობა გაასმაგებულია და ყველა ერთად ვაპირებთ, რომ ჩვენი ოცნება ავიხდინოთ“.

ლუქსემბურგის ნაკრებზე

„ლუქსემბურგის ნაკრები ბოლო პერიოდში თავს კარგად წარმოაჩენს და რთულ თამაშს ველოდებით. რამდენიმე დღეა რაც შევიკრიბეთ და საბოლოო დაორგანიზება ხვალ მოხდება. ფეხბურთელები მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი თავების საუკეთესო ვერსია წარმოვადგინოთ“.

ჯაბას დაბრუნება

„ჯაბას დაბრუნება განსაკუთრებულია ჩვენთვის, როგორც ფეხბურთელებისთვის. ჯაბა ყოველთვის იყო როგორც ფეხბურთელი და პიროვნება, მისაბაძი, თავისი სათამაშო ჟინითაც. ჯაბა მნიშვნელოვანი ძალაა და დარწმუნებული ვარ ამას ყველა ფეხბურთელი გრძნობს“.

ლუქსემბურგთან მატჩი

„ამ თამაშს ყველა ველოდებოდით და კარგად ჩანს, თუ როგორ აერთიანებს ფეხბურთი მოსახლეობას. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, იმედი მაქვს მიზანს ყველა ერთად მივაღწევთ. ასევე, მადლობა სხვა სპორტის წარმომადგენლებსაც, მათი მხარდაჭერაც გვახარებს. იმედი მაქვს ეს ერთიანობა საბოლოო წარმატებამდე მიგვიყვანს. ამ პასუხისმგებლობას ყველანი ვგრძნობთ. ფეხბურთს წნეხი ყოველთვის ახლავს და ფეხბურთელს ყველაფერი გაანალიზებული აქვს. როდესაც თამაში ახლოვდება, წნეხი შედარებით იმატებს. ყველა ვემზადებით როგორც სპორტულად, ისე ფსიქოლოგიურად და მჯერა, რომ ყველა ფეხბურთელი 100%-ით მზად არის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წნეხი დავძლიოთ და საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები