დევიდ უები
Aa
Aa

„კვარა ჩუმი ლიდერია, ჩვენს ნაკრებში ეგო არ არსებობს“ | სანიოლის ასისტენტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ერთ-ერთმა ასისტენტმა, დევიდ უებმა ბრიტანულ გამოცემას, Inews-ს ინტერვიუ მისცა. უებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ერთა ლიგაზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, საქართველოზე და ფეხბურთის ფედერაციაზე ისაუბრა.

ერთა ლიგა

„ერთა ლიგა ძალიან დაეხმარა ნაკრებებს, რომლებიც საფეხბურთო ბირთვის წევრებად არ მოიაზრებიან. პლეიოფის წყალობით, ისეთ ეროვნულ გუნდებს, რომლებსაც დიდ ტურნირზე არასდროს უთამაშიათ, შანსი მიეცათ საგზურისთვის იბრძოლონ და ეს პროგრესის გარანტია. ვიცით, რომ თუ საკვალიფიკაციო ეტაპზე რთულ ჯგუფში მოვხვდებით, სასურველი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება, ერთა ლიგა კი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც დიდ ტურნირებზე თამაშის საშუალებას იძლევა“.

საქართველო

„ვერ ვიტყოდი, რომ მოსალოდნელზე უკეთესი ინფრასტრუქტურა დამხვდა, რადგან სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, რა მოლოდინები უნდა მქონოდა. თბილისში არის სტადიონები, რომლებსაც მაღალი დონის მოედნები აქვთ და ეროვნული ნაკრები, ქალთა ნაკრები და ახალგაზრდული ნაკრებები სავარჯიშოდ სწორედ მათ იყენებენ. შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბი გვყავს, რომელიც სრულადაა დაკომპლექტებული. პრემიერ ლიგის ელიტარული დონე არაა, მაგრამ შთამბეჭდავი ნამდვილადაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთი დიდი ოჯახია. ყველა ერთადაა და განცალკევებულობა არ იგრძნობა. ფედერაციის პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტთან და ტექნიკურ დირექტორთან ხშირი კონტაქტი გვაქვს. ისინი ვარჯიშებს ესწრებიან, ერთად ვსადილობთ, ერთად ვმგზავრობთ და ეს ოჯახური ატმოსფეროს შეგრძნებას ტოვებს“.

ხვიჩა კვარაცხელია

„ყველასთვის ნათელია, რომ ხვიჩა მაღალი დონის და უაღრესად ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ ამავდროულად, კვარა ძალიან თავმდაბალი ბიჭი და სუპერ პროფესიონალია. კვარაცხელია არის ის, რასაც „ჩუმ ლიდერს“ ვუწოდებთ. მოედანზე არ ყვირის, მაგრამ თანაგუნდელებს მაგალითს თამაშითა და იმით აძლევს თუ გარშემომყოფებზე გავლენას რა სტილში ახდენს. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თავაზიანი ბიჭები არიან. მათ სურთ, მეტი და მეტი ისწავლონ და უკეთესი მოთამაშეები გახდნენ. ეს ფაქტი ჩემს სამუშაოს ბევრად სასიამოვნოს ხდის. ჩვენთან ეგო არ არსებობს. ისინი ძალიან ამაყობენ, რომ ნაკრებში თამაშობენ და თავიანთ პატრიოტიზმს ამ მაისურის ტარებით გამოხატავენ“.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

„პირადად ჩემთვის, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა საოცარი მოვლენა იქნება, მაგრამ ქვეყნისთვის ამას რაღაც განსაკუთრებული დატვირთვა ექნება. თუ ფეხბურთელების სურვილს ხალხში არსებულ სიყვარულს დავუმატებთ, განსაკუთრებით, როცა ეროვნულ სტადიონზე ვთამაშობთ, მივხვდებით, რომ ქვეყანაში უდიდესი მუხტია. საქართველოს დიდ ტურნირზე არასდროს უასპარეზია და თამაშებამდე, როცა მოედანზე გავდივართ, ერთი წუთია საჭირო, რათა გაითავისო, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამ ქვეყნისთვის“.

შეგახსენებთ, რომ უები საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს 2023 წლის სექტემბერში შეუერთდა. იგი მოთამაშეებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართულებით მუშაობს (Performance Coach).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუქსემბურგის ნაკრების ექს-მოთამაშე: „გუნდი, რომელსაც რაღაც აქვს დასაკარგი, საქართველოა“
ლუქსემბურგის ნაკრების ექს-მოთამაშე: „გუნდი, რომელსაც რაღაც აქვს დასაკარგი, საქართველოა“