კონორმა ზაფხულში დავბრუნდებიო - ვისთან იჩხუბებს ირლანდიელი?!
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოქტაგონს მიმდინარე წლის ზაფხულში დაუბრუნდება. ჯერჯერობით, ბრძოლის ჩატარების ზუსტი დრო და თარიღი უცნობია, თუმცა, დიდი ალბათობით, ირლანდიელის მეტოქე მსუბუქი წონის მებრძოლი, მაიკლ ჩენდლერი იქნება. ESPN-თან საუბრის დროს კონორმა ამერიკელი მებრძოლი კიდევ ერთხელ გამოიწვია.
რას ამბობს მაკგრეგორი:
დაბრუნებაზე დასტური რამდენიმე დღის წინ მივიღეთ და ახლა ყველა სისტემა გასაშვებად მზადაა. მაიკლ, გაჩუმდი შე იმბეცილო! ეს კაცი არ ჩუმდება... მაგრამ მაინც მომწონს... თუმცა, ვაპირებ, რომ დავარტყა. თუ ამას ვამბობ, აუცილებლად გავაკეთებ... რასაც ვამბობ, ის შესრულდება.
კონორის განცხადებას მალევე უპასუხა მაიკლ ჩენდლერმა, რომელმაც განაცხადა, რომ ივნისში ბრძოლისთვის მზად არ იქნება.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ ზაფხულში ბრძოლისთვის მზად ვიქნები... ეს განცხადება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ამ ამბებში ჩართული არ ვიყავი“, - დაწერა ჩენდლერმა.
I’m not sure I’ll be ready for a summer fight…this came out of the blue…I’ve been out of the loop. Can y’all ask Dana to confirm this?
— Michael Chandler (@MikeChandlerMMA) March 20, 2024
კონორ მაკგრეგორმა ბოლოს 2021 წლის ივლისში, დასტინ პორიეს წინააღმდეგ იჩხუბა და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, თუმცა, ირლანდიელმა პირველი რაუნდის ბოლოს ფეხი მოიტეხა და მარცხის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. მაკგრეგორს MMA-ს ეგიდით 28 ბრძოლა აქვს გამართული და 22 შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ირლანდიელი მებრძოლი რამდენიმე კვირის წინ UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ გამოიწვია და მას ესპანეთში ბრძოლა შესთავაზა, თუმცა, დიდი ალბათობით კონორი „მატადორის“ გამოწვევას არ დათანხმდება.