„შანსები 55-45-ზეა“ | რას ამბობენ ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციაში
ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პოლ ფილიპმა საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. ფილიპმა საქართველოში სტუმრობა გაიხსენა და განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები „ჯვაროსნების“ სასარგებლოდაა - 55-45-ზე.
როგორი განწყობაა საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე
„გასულ უქმეებამდე, სიმშვიდე იყო, კვირას დილით კი ყველაფერი შეიცვალა. სტრესზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ნამდვილად ვნერვიულობთ. მატჩის დღე ახლოვდება და ბოლო კვირებმა ძალიან სწრაფად გაიარა. ვერ დავმალავ და ვიტყვი, რომ განსაკუთრებული შეხვედრა გველოდება. ჩვენი მწვრთნელები და ფეხბურთელები ასეთ მდგომარეობაში აქამდე არასდროს ყოფილან და გადამწყვეტი მატჩი იქნება“.
დინამო არენა, სადაც მატჩი გაიმართება
„როცა მწვრთნელად ვმუშაობდი, საქართველოში გამართულ შეხვედრას დავესწარი. ეს უეფას გადასამზადებელი კურსის ფარგლებში მოხდა და თუ სწორად მახსოვს, საქართველომ გერმანიასთან ითამაშა. მეხსიერებაში დამრჩა ატმოსფერო, რომელიც სტადიონზე იყო შექმნილი. ქართველებს არ ახასიათებთ სიმშვიდე, რომელსაც რუსეთში ან სკანდინავიის ქვეყნებში შეხვდებით. მათ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში მცხოვრები ხალხის მსგავსი ტემპერამენტი აქვთ. იტალიელებს ჰგვანან და ალბათ, ცხელი ამბები გველის“.
წნეხი საქართველოსთან მატჩში
„ევროპის ჩემპიონატის წილისყრისას ქართულ დელეგაციას შევხვდი და მითხრეს, ქვეყანაში, ამ მატჩის მიმართ როგორი დამოკიდებულებაა. ისინი ფინალზე ფიქრობენ და საქართველოს ნაკრებისთვის ნებისმიერი სხვა შედეგი უდიდესი წარუმატებლობა იქნება“.
როგორია შანსები
„თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო მასპინძელია, შანსები მათ სასარგებლოდაა - 55-45-ზე. მსაჯზე უდიდესი წნეხი იქნება, თუმცა ეს უეფაშიც კარგად იციან და მაღალი დონის არბიტრი დანიშნეს. საქართველოსთან მატჩში რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, ჩვენთვის არაფერი დასრულდება. რა თქმა უნდა, თბილისში ფინალში გასასვლელად ჩავდივართ, მაგრამ პარალელურად, გვინდა, ვისწავლოთ და მომავლისთვის მოვემზადოთ, რადგან ჩვენი ამბიცია მსგავსი დონის შეხვედრებში მონაწილეობის ხშირად მიღებაა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაჩვენეთ, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია და ვფიქრობ, ბევრად მეტის პოტენციალი გვაქვს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მატჩი 21 მარტს, 21:00-ზე დაიწყება. შეხვედრის დაწყებამდე, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია „დინამო არენაზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.