კვარას არ ვიცნობდი, რასაც აკეთებს შთამბეჭდავია - ჟორჟინიომ KO-ს დუეტზე ისაუბრა
ლონდონის „არსენალის’’ ფეხბურთელმა ჟორჟინიომ DAZN-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. 32 წლის ნახევარმცველი, რომელიც „ნაპოლიში’’ 2014-18 წლებში თამაშობდა, „პარტენოპეის’’ ყოფილ სპორტულ დირექტორთან, კრისტიანო ჯუნტოლისთან საუბარს იხსენებს. იტალიელმა ფუნქციონერმა ჟორჟინიოს ვიქტორ ოსიმენზე ჰკითხა, ჟორჟინიოს პასუხი ასეთი იყო: „ახლავე აიყვანე’’.
ჟორჟინიო: „გულწრფელად რომ გითხრათ, „ნაპოლიში’’ გადასვლამდე კვარაცხელიას არ ვიცნობდი. ნამდვილად შთამბეჭდავია, რასაც ის აკეთებს. ანალოგიურად, ვიქტორ ოსიმენმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როცა მის წინააღმდეგ პირველად ვითამაშე. მახსოვს მაშიმ ჯუნტოლიმ დამირეკა და მის შეძენამდე ოსიმენის შესახებ მკითხა, ჩემი პასუხი ასეთი იყო: „ახლავე აიყვანე’’. ჩვენი მცველების წინააღმდეგ შესანიშნავი იყო. ის ძალიან ახალგაზრდაა და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ’’.
კრისტიანო ჯუნტოლი „ნაპოლის’’ სპორტულ დირექტორად 2015-2023 წლებში მუშაობდა. მისი ჩართულობით 2022 წლის ზაფხულში „აძურიმ’’ ყაზანის „რუბინიდან’’ კვარა შეიძინა. ახლახან, როცა ხვიჩამ „იუვეს'' გაუტანა, „კარპის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, და აურელიო დე ლაურენტისის ახლო მეგობარმა სტეფანო ბონაჩინიმ რადიო Punto Nuovo-სთან საუბარში კვარას ტრანსფერზე შემდეგი რამ თქვა: „კვარას გოლი მისთვის ერთგვარი ხუმრობა იყო, იმის გათვალისწინებით, რომ კრისტიანო მას წლების განმავლობაში აკვირდებოდა და ნეაპოლში დასამატებლად ყველაფერი გააკეთა. დე ლაურენტისმა თქვა, რომ ქართველი მისმა შვილმა, ედომ აღმოაჩინა, არ ვიცი... ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, თუ როგორ წარიმართა კვარაცხელიას ისტორია და ის, რომ ჯუნტოლი მას დიდი ხანი აკვირდებოდა. ასე რომ, ამ საკითხში ჩემს აზრზე დავრჩები’’.
ცნობისთვის, Transfermarkt-ზე კვარაცხელია 80 მილიონ ევროდაა შეფასებული და მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. „ნაპოლი“ მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს და გეგმავს, კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა ჩაუწერონ. უცხოური გამოცემები ირწმუნებიან, რომ „კვარას“ წარმომადგენლები ხელფასის სახით, 4 მილიონ ევროს მოითხოვენ, რასაც ბონუსები დაემატება. ახლანდელი ხელშეკრულებით, რომელიც 2027 წლის ივნისამდეა გათვლილი, ქართველი ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 1.5 მილიონი ევროა და „ნაპოლის“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშეა.