ცნობილია, ვინ იქნება მსაჯი საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ცნობილი ესპანელი მსაჯი, ჯოსე მარია სანჩეს მარტინესი განსჯის. ინფორმაცია უეფას ვებ-გვერდზე ოფიციალურად დადასტურდა.
40 წლის რეფერი 2015 წლიდან ლა ლიგის მსაჯია და ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთ წამყვან არბიტრად ითვლება. ხოსე მარია სანჩესი 2017 წელს ფიფას კატეგორიის მსაჯი გახდა რეგულარულად უწევს საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებზე მუშაობა, თუმცა, დიდ ტურნირზე, როგორიცაა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები, ჯერჯერობით არ უმსაჯია.
ამასთან, სანჩესი უეფას ტურნირების - ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის თამაშებზეც გვხვდება. ხოსე მარია სანჩეს მარტინესს კარიერაში 369 თამაშზე უმსაჯია და 2040 ყვითელი ბარათი და 102 წითელი ბარათი უჩვენებია.
ცნობისთვის, სანჩეს მარტინესი პროფესიით ეკონომისტია და პარალელურად, ესპანეთის ერთ-ერთ ბანკში მუშაობს. 40 წლის რეფერიმ სამსაჯო საქმიანობა 2000 წლიდან, 17 წლის ასაკში ჯერ სამოყვარულო ლიგებში დაიწყო, 2005 წლიდან კი ესპანური პროფესიონალური ფეხბურთის არბიტრი გახდა.