ვარლამ ლიპარტელიანი
Aa
Aa

„გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო“ - ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა პროფესიონალური კარიერა დაასრულა. ამის შესახებ „ლიპომ“ „მოგვერდთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა.

რა თქვა ლიპარტელიანმა:

გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, ამაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სპორტიდან წავსულიყავი, რის შემდეგაც როგორც გულშემატკივრების, ისე ოჯახის, სპორტსმენებისა და მწვრთნელების მხრიდან იყო დიდი თხოვნა, რომ დავბრუნებულიყავი. გუნდში ჩემი დაბრუნება ამან განაპირობა და ასევე, კონკურენციაც უნდა შეგვექმნა და მეც, მინიმუმ ერთი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მეცადა. პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ, მონაწილეობა მივიღე და ყველაფერი ვცადე, რისი გაკეთებაც შემეძლო. ასაკით პატარა აღარ ვარ, უკვე 35 წლის ვარ, 3 შვილის მამა ვარ და ვფიქრობ, რომ დროა მომავალ თაობას გზა დავუთმო. ის, რაც ჩემი მხრიდან იყო შესასრულებელი, ვფიქრობ, პირნათლად შევასრულე. მაქსიმალურად ვეცადე, რომ დიდხანს ვყოფილიყავი და კონკურენცია დიდხანს შემექმნა.

ნათქვამია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ეს დრო და გადაწყვეტილება სწორია. ვეღარ ვარ ისეთი, როგორიც ვიყავი და კიდევ ვიძახი, რომ ჯობია გვერდით გავიწიო და გზა დავუთმო ახალგაზრდა თაობას.

გულშემატკივარი სპორტში ყველაზე მთავარი, ძვირფასი და დასაფასებელია, იმიტომ რომ თუ გულშემატკივარი არ გყავს და მათ მხარდაჭერას ვერ გრძნობ, ძალიან ძნელია ამდენი წელი მაღალ დონეზე ასპარეზობა. შეიძლება, პირადულად რაღაც წარმატებას აღწევ, იმ მომენტში გიხარია და ბედნიერი ხარ, მაგრამ ეს კვარცხლბეკიდან ჩამოსვლის შემდეგ მთავრდება და იწყება ყველაზე მთავარი - ურთიერთობა გულშემატკივართან. როდესაც შენი მეგობარი, ან ნათესავი გხვდება და იმის თვალებში ამჩნევ, რომ მას შენი წარმატებით ბედნიერება მოუტანე, ეს ყველაზე სასიხარულოა. ჩემთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე ძვირფასი ყოველთვის ეს იყო. მინდა, ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რადგან ამას მთელი ცხოვრების განმავლობაში ვგრძნობდი.

შეგახსენებთ, რომ ვარლამ ლიპარტელიანმა ძიუდოისტის კარიერა ჯერ კიდევ 2021 წელს, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ დაასრულა, თუმცა, გულშემატკივრების დიდი არმიის თხოვნით დაბრუნება გადაწყვიტა.

ლიპარტელიანი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტია. ვეტერანმა სპორტსმენმა სხვადასხვა წლების განმავლობაში სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი (2012, 2014 და 2016 წლებში), ასევე, 4-ჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი და ერთხელ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. მსოფლიო ჩემპიონატებზე ქართველი ძიუდოისტის ანგარიშზე 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. ორჯერ ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა. 3-ჯერ შეძლო მსოფლიო მასტერსის მოგება, 6-ჯერ გახდა გრანდ სლემების ჩემპიონი, 5-ჯერ კი გრან პრის ოქრო მოიპოვა. ოლიმპიადაზე მისი მაქსიმუმი 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემისთვის - ნაკრები რამდენიმე ლიდერის გარეშე
შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემისთვის - ნაკრები რამდენიმე ლიდერის გარეშე