„საქართველო კვარას გარეშე იგივეა, რაც არგენტინა მესის გარეშე“ | არველაძის ინტერვიუ
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ ლუქსემბურგულ გამოცემას, Tageblatt-ს ინტერვიუ მისცა და 21 მარტს გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ფარგლებში, „ჯვაროსნები“ ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან და არველაძის თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნის გამო, საქართველო ისე იქნება, როგორც არგენტინაა ლიონელ მესის გარეშე.
Tageblatt: „არის საქართველო ფავორიტი?“
„საქართველოს ფავორიტს ვერ ვუწოდებ, თუმცა, მცირე უპირატესობა ჩვენს მხარესაა. მინიმუმ იმიტომ, რომ მასპინძლები ვიქნებით და 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი საოცარ ატმოსფეროს შექმნის“.
Tageblatt: „თანამემამულეების დამოკიდებულება იცით. ფიქრობ, რომ ლუქსემბურგს, როგორც მეტოქეს, სათანადოდ არ აფასებენ?“
„არა, არ მგონია, ასე იყოს. ყველამ იცის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგმა რა შედეგებს მიაღწია და არავის ჰგონია, რომ საქართველოს მარტივი ამოცანა ელოდება. ჩვენი ფეხბურთელები უდიდეს წნეხს გრძნობენ, რადგან შესანიშნავი შანსი აქვთ, მიაღწიონ იმას, რაც საქართველოს ნაკრებს არასდროს გაუკეთებია. ამ წნეხთან გამკლავება მარტივი არაა და დროის კარგვა იქნება, რომ ჩათვალო თითქოს მეტოქეზე ბევრად მაღლა დგახარ“.
Tageblatt: „ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა ძალიან სამწუხარო დანაკლისია...“
„საქართველოს ნაკრებს ნამდვილად ჰყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ სხვებისადმი პატივისცემის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები კვარაცხელიას გარეშე, იგივეა, რაც არგენტინა ლიონელ მესის გარეშე“.
Tageblatt: „ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელები?“
„როგორც ვთქვი, რამდენიმე კარგი ფეხბურთელი გვყავს. გიორგი მიქაუტაძე არის თავდამსხმელი, ვის სანაცვლოდაც აიაქსმა დიდი ფული გადაიხადა. სამწუხაროდ, ამსტერდამულ კლუბში სათამაშო დრო არ მიეცა და მეცში გაანათხოვრეს, სადაც მაღალ დონეზე თამაშობს. ზურიკო დავითაშვილი შესანიშნავი ფეხბურთელია, ვისაც განსხვავების შექმნა შეუძლია. გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისში ბრწყინვალედ თამაშობს, გიორგი მამარდაშვილის სახით კი საოცარი მეკარე გვყავს. საქართველოს ნაკრებში არიან დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელები, მაგალითად, გურამ კაშია და ასევე, გვყავს, ნიჭიერი ახალგაზრდები. საერთო ჯამში, ქართველ ქომაგებს ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვთ. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ქართული ფეხბურთისთვის დიდი მუხტი იქნება. წლების წინ, მიზანთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავმარცხდით. იმედი მაქვს, ამჯერად, ყველაფერი გამოგვივა“.
Tageblatt: „როგორ შეაფასებ საქართველოს შედეგებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე?“
„რთულ ჯგუფში ვიყავით, მაგრამ შედეგებით კმაყოფილი ვერავინ იქნება. ვფიქრობ, იყო მატჩები, რომლებშიც უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით და მგონია, რომ 3-4 ქულით მეტი უნდა აგვეღო. საქართველო არაა ისეთი სუსტი გუნდი, როგორც ამას ესპანეთთან 1:7 წაგებული მატჩი გვიჩვენებს. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ მოხდა“.
Tageblatt: „საქართველოს ძლიერი და სუსტი მხარეები?“
„შეტევაში მაღალი დონის ინდივიდუალისტები გვყავს და კონტრშეტევაში სწრაფად გადასვლის უნარი ჩვენი ძლიერი მხარეა. ყველა გუნდს აქვს სუსტი წერტილები და მათზე საუბარი არ მინდა“.
Tageblatt: „რას ფიქრობ ლუქსემბურგის ნაკრებზე?“
„გუნდი, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე 17 ქულას იღებს, პატივისცემას იმსახურებს. მოვიტყუები, რომ ვთქვა, ლუქსემბურგის ნაკრებს კარგად ვიცნობ-მეთქი. ბოლო წლებში, დიდ პროგრესს მიაღწიეთ. რა თქმა უნდა, სერიოზული სამუშაოა გაწეული და დიდი ინვესტიციაა ჩადებული. ეროვნული გუნდის მოთამაშეთა უმრავლესობა საზღვარგარეთ ასპარეზობს და ეს მნიშვნელოვანია. რომელ ფეხბურთელს გამოვარჩევდი? რა თქმა უნდა, ჟერსონ როდრიგესს. თუმცა, როგორც მივხვდი, ლუქსემბურგის ნაკრების ძლიერი მხარეები გუნდურობა და ტაქტიკური დისციპლინაა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალი 21 მარტს, „დინამო“ არენაზე 21:00 საათზე გაიმართება.