„თეთრკანიან იტალიელს სხვა განაჩენს გამოუტანდნენ“ | რობინიოს სასჯელი და მისი პოზიცია
2022 წლის იანვარში, იტალიის სასამართლომ რობინიო ჯგუფურ გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო და 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. რობინიო სამშობლოში იმყოფება და მასზე დაკავების ორდერია გაცემული, მაგრამ ბრაზილიის კონსტიტუციის მიხედვით, საკუთარი მოქალაქის ექსტრადიცია დაშვებული არაა და სასჯელის აღსრულება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ბრაზილიური პრესის ინფორმაციით, 20 მარტს, ადგილობრივი სასამართლო რობინიოს საქმეზე პროცესს დაიწყებს და გადაწყვეტს, იტალიელთა მიერ მიღებული ვერდიქტი აღასრულოს თუ არა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რობინიოს სასჯელის მოხდა ბრაზილიაში მოუწევს და გისოსებს მიღმა 9 წელს გაატარებს.
ვეტერანმა ბრაზილიელმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა და ყველაფერი რასიზმს დააბრალა: „იტალიაში რასიზმის უამრავ გამოვლინებასთან მქონია საქმე და ვითარება დღემდე არ შეცვლილა. ის ადამიანები არიან რასისტები, რომლებმაც დამნაშავედ მცნეს.
ჩემ ადგილას თეთრკანიანი იტალიელი რომ ყოფილიყო, ვერდიქტი რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. ამაში ეჭვი არ მეპარება. ბრალდებას რაც შეეხება, ურთიერთობა გვქონდა და ერთმანეთს ვაკოცეთ. როცა დავინახე, რომ სურდა, ინტიმური კავშირი სხვა ბიჭებთან გაეგრძელებინა, სახლში წავედი. სამართალდამცველებმა ჩემი დნმ-ი ვერ აღმოაჩინეს და შემეძლო მეთქვა, რომ მასთან არაფერი მქონია, მაგრამ მატყუარა არ ვარ. ვამბობ იმას, რაც მოხდა. ისეთი სამხილები მაქვს, დარწმუნებული ვარ, გამამართლებენ“.
შეგახსენებთ, რომ რობინიოსთან მასთან ერთად კიდევ 4 ბრაზილიელი მამაკაცი გაასამართლეს. რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იტალიური სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის აღსრულების მომხრეა.